ფედერალისტების გამართულ ბრიფინგზე, პარტიის წევრებმა, ექიმმა ვახო კალოიანმა და ექიმმა-ნარკოლოგმა, ზურა სიხარულიძემ ქვეყანაში არსებულ ინსულინის კრიზისზე ისაუბრეს.
კალოიანის თქმით, კრიზისმა საფრთხის ქვეშ დააყენა დაახლოებით 1 700 ბავშვი, დეფიციტის შექმნის მთავარ მიზეზად კი, მარაგების არასწორ მართვას, ჯანდაცვის სამინისტროს უპასუხისმგებლობასა და სამსახურების ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.
ინსულინის კრიზისთან დაკავშირებით განცხადება ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 6 ნოემბერს გააკეთა და აღნიშნა, რომ "დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი, მათ შორის ბავშვები, სრულად არიან უზრუნველყოფილი ფრანგული კომპანიის Sanofi Aventis-ის გერმანიაში წარმოებული საშუალებით, ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს."
თუმცა, ფედერალისტები ხაზს უსვამენ იმას, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ცალკეულ პროგრამასთან, არამედ სისტემურ პრობლემასთან.
“ინსულინის კრიზისმა საფრთხის წინაშე დააყენა დაახლოებით 1 700 ბავშვი, რომელიც დამოკიდებულია ინსულინის სხვადასხვა დოზაზე. რაოდენობის მარაგების არასწორი მართვის, პაციენტთა საჭიროებების ინდივიდუალიზაციის არასწორი მართვის გამო შეიქმნა დეფიციტი, რომელიც რამდენიმე კვირის მარაგს გვიტოვებს მარტო ქვეყანაში, ამის მიზეზი არის თვითონ სამსახურების ტექნიკური გაუმართაობა, ჯანდაცვის სამინისტროს უპასუხისმგბელობა, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში იცის ამ არსებული კრიზისის შესახებ და რეალურად ალტერნატიული გადაწყვეტილებების გზა არ მოუძებნია.
ამ ეტაპზე სწრაფი გამოსავალი არის იმ ბავშვების მეორე, მაღალი ხარისხის ინსულინზე გადაყვანა, რომელიც საქართველოში არის, რაც მოგვცემს მეტ დროს, რათა ბავშვებისთვის, რომლებიც დამოკიდებული არიან ინსულინის დაბალ ბიჯზე, გაუხანგრძლივდეთ ის რაოდენობა, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მარაგების მართვა, სისტემური გაუმართაობა და სახელმწიფო პროგრამების მართვა, ეს ტიპური პრობლემებია იმ ხელისუფლებაში, რომელიც არ არის პასუხისმგებელი მოქალაქესთან, არამედ ვალდებულია ერთი ადამიანის ან პოლიტიკური ლიდერშიფის წინაშე." - თქვა ვახო კალოიანმა.
ზურა სიხარულიძე განმარტავს, რომ მთავარი პრობლემა იკვეთება მენეჯმენტის არასწორ განაწილებაში და მოითხოვს პროგრამის მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას.
"მთავარი პრობლემაა მენეჯმენტის არასწორ გადანაწილებაში, როცა იცი, რომ მაისში არ მოგაწოდეს ეს რაღაცები, რაღატო ცვლი ხელშეკრულებას შვიდ ნოემბერს, ახლა მოხდა ხელშეკრულებაში დამატება შვიდ ნოემბერს და აგვიხსნან რა არის ეს.
მეორე, თუ იცი, რომ ამ კომპანიას აქვს პრობლემები, შემდეგი ორი წლით ისევ იმარჯვებს ამ პრეპარატის შემოტანასთან დაკავშირებით, რაც ასევე ქმნის გარკვეულ ეჭვებს, რომ თუ კომპანია ვერ ასრულებდა თავის ვალდებულებებს ამდენი ხნის მანძილზე და არ აწოდებდა სახელმწიფოს ესეთ მნიშვნელოვან პრეპარატს, რომლის შეწყვეტაც პრაქტიკულად შეუძლებელია იმიტომ, რომ სიცოცხლესთან არის დაკავშირებული, მაშინ რაღატო შემოდის ისევ ის კომპანია და იმარჯვებს.
ახლა არის შერჩევის ეტაპი, 28 ოქტომბერს დამთავრდა ტენდერი შემდეგ ორ წელთან დაკავშირებით და ეს არ არის მხოლოდ ამ სახელმწიფო პროგრამაზე, აქ არის სისტემური პრობლემა, რომ არ ხდება სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა.
მეორე ის, რომ არ ხდება ინდივიდუალიზაცია, როცა ხვდები ასეთი კრიზისის წინაშე და პასუხისმგებლობა გადაგაქვს ექიმებზე, რომ მათ უნდა აკონტროლონ ეს ყველაფერი, რაც არ არის სწორი იმიტომ, რომ ექიმები დგებიან უკვე ფაქტის წინაშე და ძალიან რთულია ამის გაკონტროლება და გადაყვანა ამ ბავშვების.
მესამე, რომ არ ეძებ ალტერნატიულ გზას და ვერ ახერხებ იმას, რომ ექვს წლამდე ბავშვებს უზრუნველყო ის რაოდენობა, რომელიც მათ სჭირდებათ, პლუს კალმები, პომპა და ასე შემდეგ, მილიონი ელემენტებია, რომლებზეც ჩივიან მშობლები.
ჩვენ მივმართავთ ყველას, ექიმებსაც და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მოხდეს ინდივიდუალიზაცია, ახლა პატარა ასაკის ბავშვების და ის მარაგი, რაც არის დარჩენილი ის იყოს გამოყენებული ამ ბავშვებზე, რომ არ მოხდეს კრიზისი და მთავარი მოხდეს ამ პროგრამის მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება, რა ხდებოდა წლის მანძილზე ამ პროგრამებთან დაკავშირებით და რა შედეგი ჰქონდა ამ პროგრამას, რა ხარვეზი ჰქონდა და რატო არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ ეს ხარვეზები.” - განაცხადა ზურა სიხარულიძემ.





