ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, "ბოლო დღეების განმავლობაში, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჭარბად მცდარი ინფორმაცია გავრცელდა".
სარჯველაძის განცხადებით, ახლა საქართველოში Sanofi Aventis-ის მიერ წარმოებული ინსულინია, რომლითაც უზრუნველყოფილები არიან პაციენტები და ამ ეტაპზე, არ არსებობს რისკი, რომ მისი დეფიციტი შეიქმნას.
ჯანდაცვის უწყება განმარტავს, რომ პრობლემები შეიქმნა კომპანია ნოვო ნორდისკის მიერ წარმოებულ ინსულინთან დაკავშირებით.
სარჯველაძის თქმით, აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება 14 აპრილს გააფორმეს, კომპანიამ პირველივე ჯერზე "დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი და იცის დაგვიანებით".
"დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი, მათ შორის ბავშვები, სრულად არიან უზრუნველყოფილი ფრანგული კომპანიის Sanofi Aventis-ის გერმანიაში წარმოებული საშუალებით, ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს. ეს არის საშუალება, რომელსაც მოიხმარს ევროპული არაერთი სახელმწიფო.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რაიმე შეფერხების რისკი ამ საშუალებით პაციენტების უზრუნველყოფაში არ შექმნილა, არც დღეს არსებობს და არც შეიქმნება ახლო მომავალში.
არსებობს საკმაოდ პოპულარული მეორე საშუალება-ინსულინი, რომელსაც აწარმოებს დანიური კომპანია ნოვო ნორდისკი. 14 აპრილის ხელშეკრულება გვაკავშირებს კომპანია ნოვო ნორდისკი-თან, რომელმაც, სამწუხაროდ პირველ ჯერზეც, ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი და იცის დაგვიანებით. დღემდე ეს ვალდებულება მათი მხრიდან შეუსრულებელია. განვიხილავდით ყველა შესაძლო, მათ მიერ შემოთავაზებულ ვერსიას, თუმცა დღემდე, კომპანია უხეშად არღვევს ნაკისრ ვალდებულებებს.
პირადად გავემგზავრე და შევხვდი კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც ჯერ ოქტომბერში დაგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში, ნოემბრის დასაწიყისი რიცხვები იყო მითითებული, მოხდებოდა მარაგის შევსება და ვალდებულებების შესრულება. ახლაც, აი დღესაც, ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება დარჩენილი რაოდენობის მოწოდება. მიუხედავად ამისა, დღემდე მათი მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა.
ჩვენ ვითვალისწინებთ მათი პროდუქტის მიმართ, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირთა, მათ მშობელთა კეთილგანწყობას და ამიტომ ვცდილობთ არ მივიღოთ ხისტი გადაწყვეტილებები. ვიმეორებ, მხოლოდ უშუალოდ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინებით ვიქცევით ასე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებულები არიან მშობლები, რადგან მათ უფლება აქვთ ამ ცვლილების მოსალოდნელობის შესახებ სცოდნოდათ წინასწარ, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ თურმე ინსულის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია. მინდა მედიასაშუალებებს მოვუწოდო თავი შეიკავონ ასეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ინფორმაცია სენსიტიურია, ვინაიდან ეხება ბავშვების ჯანმრთელობას". - განაცხადა სარჯველაძემ.
5 ნოემბერს მოქალაქე მარიამ ხუნწარიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ "ჯანდაცვამ ჩამოგვირეკა და გვითხრა რომ ინსულინს, რომელსაც მოიხმარდა ჩემი შვილი ვეღარ ავიღებთ, რადგან მწარმოებელი კომპანია აღარ აწარმოებდა, როცა უთხრა ერთმა მშობელმა გავარკვევ ამ ამბავსო, უი უი უკაცრავად დროებით არის შეზღუდულიო და გადასვლა მოგიწევთ სხვაზე დროებითო, ეს არის სიცრუე".
"გაწამებულ მშობლებს ყოველ დღე დამატებით ბრძოლა გვიწევს სახელმწიფოსთან რომ შვილები გადავარჩინოთ, ჯერ იყო და რაღაც სენსორები მოგვიყარეს რომელსაც ჩემი შვილი ვერ იყენებს (ხელი დაუჩირქა), მე მიწევს ვიყიდო შავ ბაზარზე სენსორი, რომ ვუკონტროლო შაქარი. დეფიციტია საზომ ჩხირებზე და არც ამაზე აქვთ პასუხი როდის იქნება" - წერდა ხუნწარია პოსტში.
ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ "ცალკეული ადამიანები ცდილობენ ხელოვნური აჟიოტაჟის ატეხვას".
"რაც შეეხება ცალკეული ადამიანების მცდელობებს, რომ აშკარად გამიზნულად დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ და შემდეგ ვინმემ ეს აჟიოტაჟი პოლიტიკურ სპეკულაციებს საბაბად გამოიყენოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში არც ერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ზოგიერთები. რისკიც კი გამოირიცხება.
Sanofi Aventis-ის უმაღლესი ხარისხის მედიკამენტი დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია და რაიმე შეფერხება მოსალოდნელი არ არის. ამასთან, თუ ვინმეს დასჭირდება ექიმის კონსულტაცია მედიკამენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, ამისთვისაც სახელმწიფო წინასწარ მომზადებულია და არავის მსგავსი პრობლემა არ შეექმნება". - თქვა სარჯველაძემ.





