აშშ უნგრეთს რუსულ ნავთობზე მეორადი სანქციებისგან შეღავათს მისცემს.
ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ვიქტორ ორბანზე და აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
7 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ვაშინგტონში, თეთრ სახლში შეხვდნენ.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მეორადი სანქციები და ენერგეტიკა იყო.
ტრამპმა შეხვედრის საჯარო ნაწილის მსვლელობისას განაცხადა, რომ განიხილავს შესაძლებლობას გაათავისუფლოს უნგრეთი სანქციებისგან, რომელიც რუსული ნავთობის წინააღმდეგ არის მიღებული.
მიმდინარე წლის ოქტომბერში აშშ-მ ნავთობის უმსხვილესი კომპანიების, ლუკოილისა და როსნეფტის წინააღმდეგ სანქციები მიიღო. რუსული კომპანიებისგან ნავთობის მყიდველებს მეორადი სანქციები ემუქრებათ.
უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის ბოლო ქვეყნებია, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ. უნგრეთის პრემიერი ცდილობს აშშ-მ მისი ქვეყნისთვის გამონაკლისი დაუშვას.
ტრამპისა და ორბანის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ნავთობისა და გაზის უმსხვილესმა უნგრულმა კომპანია MOL-მა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ჩანაცვლება სხვა წყაროებიდან შესაძლებელია.





