გიორგი ახობაძე

"ახობაძის თქმით, ვერ ამოიცნობს თავდამსხმელებს" - შსს-მ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო

შსს-ს ცნობით, პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გამართლებული ექიმის, გიორგი ახობაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო. 

"მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გიორგი ახობაძის მიერ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, ასევე მოწმეთა გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილებისას, გიორგი ახობაძეს გზა ჩაუჭრა ავტომობილმა, საიდანაც გადმოსული ორი პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა. გამოკითხვისას, თავად გიორგი ახობაძემ განაცხადა, რომ ვერ მოახერხებს თავდამსხმელების ამოცნობას.

ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მისი ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, გამოძიება გრძელდება.

შსს ყველა პირს მოუწოდებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ, იქნება ეს დაზარალებული თუ მოწმე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქმის დროულად გახსნისა და დამნაშავე პირთა დასჯისათვის" - წერია შსს-ს განცხადებაში.

გუშინ, 4 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეოში გიორგი ახობაძე ამბობდა, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"აეროპორტიდან ამეკიდა შავი პრადო, PHP სერიით, ბოლო მოდელი. ტაქსის გადაუჭრა გზა, გადმოხტნენ ვიღაც ტიპები, პოლიციიდან ვართ, ღონისძიება ტარდებაო. კარი გამიღეს უკნიდან და ფიზიკურად გამისწორდნენ. ეგენი არიან ლაშა ბასლანძის სამეგობროს მოგზავნილი ტიპები ან თვითონ ეგენი.

რომ ვიძახი, რომ ტერორირისტები არიან მეთქი, არიან ტერორისტები" - ამბობდა ახობაძე. 

კომენტარები