თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განიხილავს, მორიგი პროცესი 19 ივნისსაა ჩანიშნული.
დღეს მოწმე პოლიციელები გამოიკითხნენ.
"მე, ზოგადად არც ბრაზის და წყენის ჩადება გულში არ მახასიათებს, მაგრამ ერთი წითელი ხაზი მოხდა, 14 რიცხვში, რამდენიმე დღის წინ, მომხვდა როგორც ემოცია. ჩემი ყველაზე მთავარი ძმაკაცი, ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ძმაკაცი სანდრო ახობაძე, რომელიც 14 წლის არის, ჩემი შვილი. რაც მე მის თვალებში სევდა და დარდი დავინახე და ჩახუტებისას ემოცია... რას მას, როგორც თინეიჯერს ახლა ჩემგან - მამისგან სჭირდება და თქვენ არ მაძლევთ საშუალებას, რომ მას მე ეს მივცე, იმიტომ, რომ ეს ეპიზოდი მის ცხოვრებაში იქნება ერთხელ, ამ ასაკში, როცა ყველაზე მაგრად სჭირდება ჩემი გვერდში დგომა. ყველაფერს გაპატიებთ ყველას, პირადად მე როგორ შემეხეთ, რამდენი დღე თუ თვე სადღაც ჩამტოვეთ, მაგრამ აი ამ პატარა, ძალიან ჭკვიან და ძალიან პატრიოტ ქართველს, რომ ისე უზიანებთ ცხოვრებას, თქვენი ცრუ მოწმეებით და შეკერილი საქმეებით, რომ მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, მე მის გვერდით არ ვარ. [...]
რაც შეეხება პროკურორებს, გამომძიებლებს, იმ მოსამართლეებს, რომლებმაც საშუალება არ მომცეს ამ შეთითხნილი საქმის რეალური გარემოებების მხილებისთვის, მე მათ მინდა, ესეთი რამ ვუთხრა, ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო. როცა სასამართლო დარბაზებში სამართლის პოვნა არის შეუძლებელი... ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ამ სამართალს აუცილებლად ეძებს და პოულობს და თუ სასამართლო დარბაზში ამ სამართლის პოვნა არ შეიძლება ხოლმე, ეს სამართალი სხვაგან იძებნება და მინდა, ამაზე დაფიქრდნენ აუცილებლად. ყოველთვის მათი ბატონი ბორინკა არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი" - თქვა ახობაძემ.
გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი პოლიციამ დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





