ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ცერემონიაზე ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდის მიმართულებით.
"ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა. 2018 წლის იანვარში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლამ, რომელიც ქართული ექსპორტის თითქმის 95 პროცენტს მოიცავს, თამაშის წესები შეცვალა და მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობის მოცულობა.
მხოლოდ 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც შთამბეჭდავი - 15-პროცენტიანი ზრდაა. ვაჭრობის ამგვარი მატება ასახავს ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სიძლიერეს და მომავალ წლებში გაფართოების კიდევ უფრო დიდ პოტენციალზე მიუთითებს. ჩინეთის მიერ მისივე უზარმაზარი ბაზრის გახსნისკენ მიმართული უწყვეტი ძალისხმევა, ძირითად სექტორებზე წვდომის გაფართოებასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უქმნის ქართულ ბიზნესს, რაც მათ საშუალებას აძლევს, გლობალურ ბაზრებზე გავიდნენ და ინოვაციები აითვისონ. ჩინეთსა და საქართველოს შორის შუა დერეფნის გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 71 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, გასულ წელს გადაზიდული ტვირთების მოცულობა წინა წელთან შედარებით 15-ჯერ მეტი იყო. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდის მიმართულებით.
[...] ძლიერ ეკონომიკურ ფუნდამენტურ მახასიათებლებთან ერთად, საქართველოს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ქვეყანას ჩინეთსა და ევროპას შორის მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტად აქცევს, აძლიერებს რეგიონულ კავშირს და მხარს უჭერს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას.
საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება. გვსურს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია და გავაღრმავოთ თანამშრომლობა სექტორების ფართო სპექტრში". - თქვა კობახიძემ.
ღონისძების შემდეგ კობახიძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ ლი ციანთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს საგამოფენო სივრცე გახსნა.





