ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით "იაფფასიანი ქსენოფობიაა" EMAAR-ის ინვესტიციაზე ძლიერი საქართველოს კამპანია, რომ თითქოს საქართველოში 2 არაბული ქალაქი შენდება.
"ასეთივე პროპაგანდა ჰქონდათ თავის დროზე ვარკეთილში, როდესაც ჰუალინგ პლაზა და იქ ბინები შენდებოდა, თითქოს იქ ნახევარი ჩინეთი ჩამოსახლდებოდა. გაიარონ ერთი ვარკეთილში და ნახონ, ვინ ცხოვრობს იმ ბინებში. ზუსტად იგივე, იაფი, ქსენოფობიური ტიპის კამპანიებია, რომელსაც ხაზარაძე აწარმოებს. ადამიანი, რომელსაც შუა ცენტრში, ლესელიძეზე საკუთარი ბინა უცხოელისთვის აქვს მიქირავებული, ვგულისხმობ გერმანიის ელჩს". - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, მსგავსი გამოხმაურება არ მოყვებოდა, ინვესტორი ინგლისელი ან გერმანელი რომ იყოს. მისივე მტკიცებით, სინამდვილეში ამ ადამიანების მიზანი "ინვესტიციის ჩაშლაა".
"ვარკეთილში არის ჰუალინგ პლაზა, რომელიც თავის დროზე ჩინური ინვესტიციით განხორციელდა. მაშინაც ზუსტად იგივე დედისერთა ქსენოფობები ამბობდნენ, რომ ეს ჩინური დასახლება იქნებოდა. არის ვარკეთილში ჩინური დასახლება?! წადით და ნახეთ, ვინ ცხოვრობს.
ის, რომ შენობის კედლები და ინვესტიცია პრიმიტიულ ქსენოფობიაში გადათარგმნო, ამას განსაკუთრებული თაღლითობა სჭირდება, როგორც მამუკა ხაზარაძეს სჩვევია. [...]
ეს რომ ყოფილიყო ინგლისური ან გერმანული ინვესტიცია, ამას იტყოდა თუ არ იტყოდა?! რამხელა პრიმიტიული, ქსენოფობიური მიდგომაა ადამიანის მხრიდან, ქერათმიან და ცისფერთვალებიანებზეა საუბარი?! [...]
სინამდვილეში, მცდელობაა, რომ ჩაშალონ ინვესტიცია, ჩაშალონ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის, კეთილდღეობის გაზრდა. ეს არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს ეკონომიკასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ესაა ჩვეულებრივი კოორდინირებული ეკონომიკური თავდასხმა". - განაცხადა პაპუაშვილმა.
ივანიშვილის მთავრობის ცნობით, Emaar ჯგუფში შემავალი კომპანია Eagle Hills თბილისსა და გონიოში 6 მილიარდამდე დოლარის დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს.
დაგეგმილ პროექტს კრიტიკულად აფასებს პარტია ლელო, რომელიც ითხოვს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაასაჯაროვოს.
28 ოქტომბერს ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ".
პაპუაშვილის განცხადების შემდეგ, 3 ნოემბერს პარტიამ სოციალურ ქსელში ქარდი გამოაქვეყნა, რომელზეც წერია: "9 მილიონი მ² ქართული მიწა არაბებს! გასაჯაროვდეს ხელშეკრულება!".





