EMAAR ჯგუფი

Emaar-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში საქართველოსთვის საუკეთესო პირობებია - კობახიძე

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ არაბული დეველოპერული კომპანიის, Emaar-ის მიერ თბილისსა და გონიოში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. კობახიძე ამბობს, რომ მათთან დადებული ხელშეკრულება საქართველოს მხოლოდ სარგებელს მოუტანს.

"რეალურად, ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. საუბარია 6.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე [...] ხელშეკრულების პირობებში სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურად არის ასახული. ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ხელშეკრულებაში საქართველოსთვის საუკეთესო პირობები ასახულიყო [...] ეს ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე ისეა ჩამოყალიბებული, რომ ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ სარგებელს ვიღებთ [...]

დღეს მთავარი ხაზი ის აქვთ, რომ თურმე, 2 საშინელი ქალაქი შენდება და თურმე, ამ პროექტით საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები შეიქმნება და ა.შ. ეს წმინდა წყლის სპეკულაციებია". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

Emaar ჯგუფში შემავალი კომპანია Eagle Hills თბილისსა და გონიოში 6 მილიარდამდე დოლარის დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავს.

დაგეგმილ პროექტს კრიტიკულად აფასებს პარტია ლელო. ლელო ითხოვს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაასაჯაროვოს.

"არაბულმა საინვესტიციო ჯგუფებმა განაცხადეს, რომ თბილისსა და გონიოში, სარეკრეაციო ზონებში საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს  [...] მათივე გადაწყვეტილებით, გაყიდვების 60% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე იქნება ორიენტირებული  [...] საქართველოს ე.წ. მთავრობამ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ტერიტორია ჩადო, როგორც ამ პროექტში თანამონაწილემ და აქციების 33% აიღო - ოღონდ, ეს საკონტროლო პაკეტი არაა. მათ არ შეეძლებათ, იმ მწვანე ზონებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც ივანიშვილის გადაწყვეტილებით, დღეს განადგურების პირასაა  [...] გადამწყვეტი სიტყვა არაბულ საინვესტიციო ჯგუფებს ექნებათ". - თქვა ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

კომენტარები