რომში ვიზიტის დროს უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები "შეცდომად" შეაფასა და თქვა, რომ ის აპირებს ტრამპთან ამ საკითხზე საუბარს.
"პრეზიდენტმა ტრამპმა ამ სანქციებით შეცდომა დაუშვა. მე მას პერსონალურად დაველაპარაკები, თუ როგორ შეიძლება ამის გამოსწორება" – თქვა ორბანმა.
შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-სა და Rosneft-ს სანქციები დაუწესა.
"გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. თუ საჭირო იქნება, დეპარტამენტი მზად არის მიიღოს დამატებითი ზომები, რათა ხელი შეუწყოს პრეზიდენტი ტრამპის ძალისხმევას კიდევ ერთი ომის დასასრულებლად. მოვუწოდებთ ჩვენ მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და დაემორჩილონ ამ სანქციებს". – თქვა სახაზინო დეპარტამენტის მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.
პარალელურად, 15 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები დაუწესეს. 90-პუნქტიანი სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, Rosneft-სა და Lukoil-ს, შეეხება.





