რუსულმა ნავთობკომპანიამ, Lukoil-მა განაცხადა, რომ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ საერთაშორისო აქტივების გაყიდვას იწყებს.
"რიგი სახელმწიფოების მიერ კომპანიისა და მისი შვილობილი საწარმოების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების მიღებასთან დაკავშირებით კომპანია აცხადებს, რომ საერთაშორისო აქტივების გაყიდვა სურს. პოტენციური მყიდველების განცხადებების განხილვა დაწყებულია". - წერია განცხადებაში.
Lukoil-ის განცხადებაში წერია, რომ კომპანია აქტივებს საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით აშშ-ს ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ლიცენზიის შესაბამისად ყიდის.
შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-სა და Rosneft-ს სანქციები დაუწესა.
"გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს ამბობს დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. თუ საჭირო იქნება, დეპარტამენტი მზად არის მიიღოს დამატებითი ზომები, რათა ხელი შეუწყოს პრეზიდენტი ტრამპის ძალისხმევას კიდევ ერთი ომის დასასრულებლად. მოვუწოდებთ ჩვენ მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და დაემორჩილონ ამ სანქციებს". – თქვა სახაზინო დეპარტამენტის მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.
პარალელურად, 15 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები დაუწესეს. 90-პუნქტიანი სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, Rosneft-სა და Lukoil-ს, შეეხება.





