რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: აშშ-მ რუსეთს შესაძლოა, ახალი სანქციები დაუწესოს, თუმცა ჯერ ევროპამ წნეხი უნდა გაზარდოს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა და საკითხზე ინფორმირებულმა კიდევ ერთმა წყარომ Reuters-განუცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მოამზადა, რომლებიც აშშ-მ შესაძლოა მოსკოვს იმ შემთხვევაში დაუწესოს, თუ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის გაჭიანურებას გააგრძელებს.

ორი წყაროს თქმით, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა თავიანთ ევროპელ კოლეგებს ასევე აცნობეს, რომ ისინი  კიევისათვის ამერიკული იარაღის შესაძენად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეას მხარს უჭერენ. წყაროების მიხედვით, ვაშინგტონში კი უკვე დაიწყო შიდა დისკუსიები იმაზე თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ აშშ-ში გაყინული რუსული აქტივები უკრაინის სამხედრო ძალის მხარდასაჭერად.

Reuters-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ სურს, შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპელმა მოკავშირეებმა გადადგან - ეს შეიძლება იყოს დამატებითი სანქციები ან ტარიფები. ადმინისტრაციის შიდა დინამიკაზე ინფორმირებულმა სხვა წყარომ გამოცემასთან აღნიშნა, რომ ტრამპი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით შეაჩერებს ახალ ქმედებებს, რათა შეაფასოს რუსეთის რეაქცია ახლად დაწესებუ; გამოცხადებულ სანქციებზე.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს მიერ მომზადებული დამატებითი სანქციების ნაწილი მიზანში იღებს რუსეთის საბანკო სექტორსა და იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც ნავთობის ბაზარზე გატანას ემსახურება,

ერთ-ერთი წყაროს თქმით, უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გასულ კვირას ვაშინგტონს ახალი სასანქციო ინიციატივები წარუდგინეს. მათ შორის იყო წინადადება, რომლის მიხედვითაც რუსული ბანკები დოლარზე დაფუძნებულ გადახდის სისტემას და ამერიკულ საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობას მთლიანად გამოეთიშებოდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად სერიოზულად განიხილავს აშშ უკრაინის კონკრეტულ მოთხოვნებს.

გამოცემა წერს, რომ ამ მიმართულებით აშშ-ს სენატშიც მიმდინარეობს აქტივობა - რამდენიმე კანონმდებელი ცდილობს გააცოცხლოს ხანგრძლივად შეჩერებული ორპარტიული სანქციების კანონპროექტი. ადმინისტრაციის შიდა დინამიკაზე ინფორმირებულმა წყარომ აღნიშნა, რომ ტრამპი მზად არის მხარი დაუჭიროს ამ პაკეტს, თუმცა აღნიშნა, რომ ამ თვეში მისი ოფიციალური მხარდაჭერა ნაკლებად სავარაუდოა.

კომენტარები