ქურდობა

მიმდინარე თვეში 43 მანქანა გაქურდეს - შსს-მ 5 ადამიანი დააკავა

შსს-ს ცნობით, მიმდინარე თვეში 43 მანქანის გაქურდვის ფაქტზე 5 ადამიანი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, გვიან ღამით ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე 43 ავტომობილის საქარე მინა დააზიანეს, რის შედეგადაც ავტომობილებში არსებულ პირად ნივთებს, ელექტრომოწყობილობებსა და სხვადასხვა ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. 

რის გამოც, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 5 პირი -  2004 წელს დაბადებული ა.კ., 2006 წელს დაბადებული ლ.ჭ., 2005 წელს დაბადებული ა.ი., 2008 წელს დაბადებული ს.კ. და 2003 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ს. დააკავეს". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ,,ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები