უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი ტრამპისა და პუტინის შეხვედრის გაუქმების შესახებ მედიაში გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და წერს, რომ შეხვედრისთვის "მზადება გრძელდება".
"მედია "დაუყოვნებელ მომავალზე" კომენტარს ამახინჯებს, რათა მოახლოებული სამიტი დაასუსტოს. მზადება გრძელდება" - წერს დმიტრევი სოციალურ ქსელში და Financial Times-ის სტატიას აზიარებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-სა და რუსეთის ლიდერების ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.
ცნობისთვის, გუშინ დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა უახლოეს მომავალში აღარ იგეგმებოდა.





