შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს ყულევის ნავსადგურში რუსეთის პორტიდან შემოსულ ნავთობზე და წერს, რომ "გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები". 21 ოქტომბერს Reuters-მა LSEG-ის გემების კურსის დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსულმა ნავთობკომპანია რუსნეფტმა ამ თვეში საქართველოში ახალაშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელს პირველი ტვირთი მიაწოდა.
"მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი KAYSERI, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას" - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
LSEG-ის მონაცემებით, 6 ოქტომბერს ხომალდმა კაისერიმ ყულევის ნავთობტერმინალს რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან 105 340 ტონა Siberian Light-ის ტიპის ნედლი ნავთობი მიაწოდა.
რუსნეფტმა Reuters-თან კომენტარი არ გააკეთა. ბოლო წლების განმავლობაში, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთი ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციასა და შეზღუდვების არიდებას ცდილობს.
ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო. ქარხანას ამჟამად ყოველწლიურად 1.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება უნდა შეეძლოს. იგეგმება ამ შესაძლებლობის 4 მილიონ ტონამდე გაზრდა. პროექტი ბლექ სი პეტროლიუმს ეკუთვნის. ქარხნის მშენებლობა დააფინანსა სამთავრობო საინვესტიციო ფონდმა - საქართველოს განვითარების ფონდმა. ასევე დამფინანსებლები იყვნენ ბანკი ქართუ, ბაზისბანკი და ხალიკბანკი.





