მედიასააგენტო Reuters-ი, LSEG-ის გემების კურსის დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით, წერს, რომ რუსულმა ნავთობკომპანია რუსნეფტმა ამ თვეში საქართველოში ახალაშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელს პირველი ტვირთი მიაწოდა.
LSEG-ის მონაცემებით, 6 ოქტომბერს ხომალდმა კაისერიმ ყულევის ნავთობტერმინალს რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან 105 340 ტონა Siberian Light-ის ტიპის ნედლი ნავთობი მიაწოდა.
რუსნეფტმა Reuters-თან კომენტარი არ გააკეთა. ბოლო წლების განმავლობაში, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთი ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციასა და შეზღუდვების არიდებას ცდილობს.
ყულევის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო. ქარხანას ამჟამად ყოველწლიურად 1.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება უნდა შეეძლოს. იგეგმება ამ შესაძლებლობის 4 მილიონ ტონამდე გაზრდა. პროექტი ბლექ სი პეტროლიუმს ეკუთვნის. ქარხნის მშენებლობა დააფინანსა სამთავრობო საინვესტიციო ფონდმა - საქართველოს განვითარების ფონდმა. ასევე დამფინანსებლები იყვნენ ბანკი ქართუ, ბაზისბანკი და ხალიკბანკი.





