კობახიძის განათლების რეფორმა

უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური კონტროლის ობიექტი – ქართული განათლება საფრთხეშია

კადრი ვიდეოდან / პუბლიკა

მოძრაობა ქართული განათლება საფრთხეშია ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ განათლების რეფორმას ეხმიანება და გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ წარმოდგენილი კონცეფცია წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, რადგან არღვევს აკადემიური თავისუფლების და უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპებს.

"ამ კრიტიკულ მომენტში, ერთობლივად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე, გავხადოთ დისკუსია ღია და საჯარო მთელი საუნივერსიტეტო სივრცისათვის". - მოუწოდებს მოძრაობა აკადემიურ საზოგადოებას.

"პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, სტუდენტები ვეხმიანებით უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას და მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არცერთ ეტაპზე არ უნდა იქნას მიღებული უნივერსიტეტების გარეშე. საუნივერსიტეტო რეფორმა არ არის პოლიტიკის რიგითი საკითხი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ჩვენ გამოვიარეთ არაერთი ნაჩქარევი და ცუდად დაგეგმილი რეფორმა, ამიტომაც აღარ გვაქვს ისეთი შეცდომების დაშვების უფლება, რომლებსაც შეუქცევადი შედეგები მოჰყვება ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

წარმოდგენილი კონცეფცია წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, რადგან არღვევს აკადემიური თავისუფლების და უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპებს - მუხლი 27, პუნქტი 3; ეწინააღმდეგება საქართველოში უმაღლესი განათლების კანონით გაცხადებულ მიზნებს - მუხლი 3; ზღუდავს განათლების ხელმისაწვდომობას და თანასწორობას, არ არის თავსებადი უნივერსიტეტების დიდ ქარტიასთან და ბოლონიის პროცესთან, საფრთხეს უქმნის ქართული აკადემიური სივრცის საერთაშორისო სივრცეში მონაწილეობას და ინტეგრაციას.

წარმოდგენილი კონცეფცია აგრეთვე ვერ აკმაყოფილებს საჯარო პოლიტიკის ფორმირების მინიმალურ მოთხოვნებს, საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი მტკიცებულებები, კვლევები და ანალიზი, რომელსაც ეს კონცეფცია ეყრდნობა. არ არის გაანალიზებული შესაძლო შედეგები, პოტენციური საფთხეები თუ დაფინანსების წყაროები. კონცეფცია შემუშავებულია გაუმჭვირვალედ, არ არის ცნობილი პროცესში საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლების - პროფესორების, სტუდენტების, განათლების ექსპერტების მონაწილეობის დეტალები. კონცეფციაში უალტერნატივოდ არის წარმოდგენილი გამოწვევების გადაწყვეტის გზები.

პოლიტიკური კრიზისა და საზოგადოების პოლარიზაციის პირობებში, დახურულ კარს მიღმა შექმნილი დოკუმენტი ზღუდავს ქმედითი და კონსტრუქციული დისკუსიის შესაძლებლობებს, იგი არ ემსახურება უნივერსიტეტის განვითარებას და აკადემიური სივრცის შეზღუდვის, იზოლაციისა და დასუსტების პოლიტიკური ინსტრუმენტი ხდება. მოვუწოდებთ აკადემიურ საზოგადოებას, ამ კრიტიკულ მომენტში, ერთობლივად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე, გავხადოთ დისკუსია ღია და საჯარო მთელი საუნივერსიტეტო სივრცისათვის. უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური კონტროლის ობიექტი. უნივერსიტეტების გარეშე უნივერსიტეტებზე გადაწყვეტილება არ მიიღება". - ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, იმედი LIVE-ის ეთერში, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმების შესახებ ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ახლანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ "ამბიციური მიზანი", რომ საქართველოშიც იგივენაირი განათლება მიიღონ სტუდენტებმა, როგორც უცხოეთში.

კომენტარები