შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1999 წელს დაბადებული მ.ო., 1998 წელს დაბადებული ა.ქ., 2002 წელს დაბადებული ფ.ა., 1996 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1992 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.
მ.ო. - ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო ა.ქ., ფ.ა., ა.ჰ.ქ. და ბ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ო.-მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს: 2001 წელს დაბადებული დ.ო.-ს და 1994 წელს დაბადებული უ.ო. -ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
რაც შეეხება ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს, გამოძიებით დადგინდა, რომ მათ, აღნიშნულ რესტორანში უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორანში მყოფ პირებს და დააზიანეს რესტორნის ინვენტარი.
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.





