17 ოქტომბრის დილას დაკავებული მიხეილ თოლორაიას ადვოკატის, ბორის ყურუას თქმით, თოლორაიას სახლში სპეცრაზმი შეუვარდა, რა დროსაც, იქ მისი მცირეწლოვანი შვილიც იმყოფებოდა.
"მიხეილ თოლორაია მოვინახულე. მას სპეცრაზმი სახლში შეუვარდა და განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებით დააკავეს, როცა მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ოჯახის წევრების თვალწინ, იარაღიანმა ადამიანებმა სახლიდან გაკოჭილი წაიყვანეს.
ჯერ მისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ, თუმცა, სტანდარტულად, როგორც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს, ალბათ, მასაც ბრალად სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას წარუდგენენ". - თქვა ყურუამ.
აქტივისტების ცნობით, დღეს, 17 ოქტომბერს, გამთენიისას აქციების კიდევ 9 მონაწილე დააკავეს. საქმე, სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს ეხება.
17:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგია ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია, ის ამ თემას უკავშირდება თუ არა.





