არეულობა მადაგასკარში

მადაგასკარში სამხედრო გადატრიალების ლიდერი ქვეყნის ახალ პრეზიდენტად დაინიშნა

REUTERS/Zo Andrianjafy

17 ოქტომბერს მადაგასკარში სამხედრო გადატრიალების ლიდერი, პოლკოვნიკი მაიკლ რანდრიანირინა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად დაინიშნა

"ვფიცავ, რომ შევასრულებ ჩემს მოვალეობებს, როგორც მადაგასკარის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მთელი ძალისხმევით დავიცავ ეროვნულ ერთობასა და ადამიანის უფლებებს." - განაცხადა რანდრიანირინამ საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ ცერემონიაზე.

ანდრი რაძოელინა, რომელიც მადაგასკარის პრეზიდენტი 2023 წლიდან იყო, გასულ კვირას ქვეყნიდან გაიქცა, რის შედეგადაც ეროვნულმა ასამბლეამ მას იმპიჩმენტი გამოუცხადა. რაძოელინამ, მიუხედავად სამხედრო ძალების მხარდაჭერის დაკარგვისა, დაგმო გადატრიალება და გადადგომაზე უარი განაცხადა.

რანდრიანირინას თქმით, როდესაც სამხედროებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, მათ პარლამენტის ქვედა პალატის გარდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დაშალეს.

მან ასევე განაცხადა, რომ სამხედროების კომიტეტი გარდამავალ მთავრობასთან ერთად ორ წლამდე ვადით იქნება ხელისუფლებაში, რის შემდეგაც ახალი არჩევნები ჩატარდება.

რანდრიანირინა არმიის ელიტური დანაყოფის, CAPSAT-ის მეთაური იყო. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2009 წლის გადატრიალებაში, რის შედეგადაც რაძოელინა ხელისუფლებაში მოვიდა. თუმცა, გასულ კვირას რანდრიანირინა მას განუდგა და ჯარისკაცებს მოუწოდა, მომიტინგეებისთვის ცეცხლი არ გაეხსნათ.

51 წლის რაძოელინა პირველად პრეზიდენტი 2009-2014 წლებში იყო, სანამ ხელისუფლებაში 2023 წელს დაბრუნდებოდა. ის სულ უფრო მეტად იზოლირებული მას შემდეგ გახდა, რაც არმიის საკვანძო დანაყოფები  ახალგაზრდა აქტივისტთა ჯგუფს, ცნობილს როგორც "Gen Z Madagascar", შეუერთდნენ. ამ ახალგაზრდულმა მოძრაობამ, რომელიც აპროტესტებს კორუფციასა და სიღარიბეს, დიალოგზე უარი თქვა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა.

კომენტარები