მადაგასკარი

მადაგასკარის პრეზიდენტი არმიის საკვანძო დანაყოფის მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ გაიქცა

Siphiwe Sibeko/Reuters

გავრცელებული ცნობებით, მადაგასკარის პრეზიდენტი, ანდრი რაძოელინა სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ქვეყნიდან ფრანგული სამხედრო თვითმფრინავით გაიქცა

საფრანგეთის სახელმწიფო რადიოს RFI-ს ცნობით, პრეზიდენტი, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს, მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუდან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეთანხმების შემდეგ გაიყვანეს. მათ დაამატეს, რომ ის შესაძლოა დუბაისკენ გაფრინდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ Facebook-ზე დაწერა, რომ რაძოელინას ხალხისთვის საღამოს 7 საათზე უნდა მიემართა.

51 წლის რაძოელინა პირველად პრეზიდენტი 2009-2014 წლებში იყო, სანამ ხელისუფლებაში 2023 წელს დაბრუნდებოდა. ის სულ უფრო მეტად იზოლირებული მას შემდეგ გახდა, რაც არმიის საკვანძო დანაყოფები ათასობით ახალგაზრდა აქტივისტს, ცნობილს როგორც "Gen Z Madagascar", შეუერთდნენ. ამ ახალგაზრდულმა მოძრაობამ, რომელიც აპროტესტებს კორუფციასა და სიღარიბეს, დიალოგზე უარი თქვა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა.

დემონსტრანტებს შორის იყვნენ ელიტური "Capsat" დანაყოფის ჯარისკაცები, რომლებმაც 2009 წლის გადატრიალების დროს, როდესაც საპროტესტო გამოსვლების შემდეგ რაძოელინა მოვიდა ხელისუფლებაში, გადამწყვეტი როლი ითამაშეს. 

საპროტესტო აქციებზე, რომელიც ორ კვირაზე მეტი ხანია გრძელდება, ასევე იმყოფებოდნენ ჟანდარმერიის ოფიცრებიც, რომლებსაც ბრალი დასდეს ძალის გადამეტებაში. მოგვიანებით მათ ვიდეო განცხადებაში "შეცდომები და გადაჭარბებული ქმედებები" აღიარეს.

გაეროს ცნობით, პროტესტის პირველ დღეებში უსაფრთხოების ძალებისა და კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ძალადობას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა რაძოელინამ ეს მონაცემები ეჭვქვეშ დააყენა და გასულ კვირას განაცხადა, რომ სულ 12 გარდაცვლილია და ყველა მათგანი მძარცველი ან ვანდალი იყო.

კომენტარები