სომხეთი

სომხეთის ხელისუფლებამ სამოციქულო ეკლესიის რეიდების შედეგად ეპისკოპოსი დააკავა

არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი მკრტიჩ პროშიანი

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის პრესსამსახურის ცნობით, 15 ოქტომბერს ეკლესიის ქონებაზე ხელისუფლების კოორდინირებული რეიდების შედეგად არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი მკრტიჩ პროშიანი დააკავეს, რომელიც ამავდროულად, სომხეთის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ II-ის (კრტიჩ ნერსისიანი) ბიძაშვილია.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაპატიმრებები დაადასტურა, თუმცა, ოფიციალური ბრალდებების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია. სომხეთის ეკლესიამ დაპატიმრებები, როგორც რელიგიურ თავისუფლებაზე თავდასხმა, დაგმო და ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.

ადვოკატი მარინე ფარმანიანის ცნობით, რეიდები არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირის" მიერ პროკურატურაში 17 სექტემბერს შეტანილ განცხადებას ეფუძნებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმირებული მოქალაქეების გაერთიანების თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰოვჰანავანქის წინამძღვარმა ტელევიზიაში განაცხადა, რომ 2021 წელს სომხურ სამოციქულო ეკლესიაში წინასაარჩევნო აქციებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით ხალხზე ზეწოლა იყო.


ფაშინიანის მთავრობასა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობა 2020 წლის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ეკლესიამ ყარაბაღის ომში და ომის შემდგომ პერიოდში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააკრიტიკა. გასული წლის გაზაფხულზე კი სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი უძღვებოდა წინ.

კერძოდ, გალსტანიანი საპროტესტო აქციებს სათავეში 19 აპრილს შემდეგ ჩაუდგა, როდესაც სომხეთის პრემიერმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანს ტავუშის ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთზე კონტროლის დაბრუნების უფლებას მისცემდა. 

აღსანიშნავია, რომ აქციების დროს პატრიარქმა გალსტანიანი საეპარქიო მოვალეობებისგან გაათავისუფლა და საეკლესიო წოდებაც შეუნარჩუნა, რამაც მთავრობაში უკურეაქცია გამოიწვია. ფაშინიანის მთავრობამ ეკლესიისთვის საგადასახადო შეღავათების გადახედვის პროცესი დაიწყო. 

30 მაისიდან მოყოლებული კი ფაშინიანმა Facebook-ზე არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც იგი სომხეთის პატრიარქ-კათალიკოსს, გარეგინ II-ეს, უქორწინებლობის აღთქმის დარღვევაში სდებდა ბრალს და მას საეკლესიო სამსახურის დატოვებისკენ მოუწოდებდა. 

"წმინდა ეჯმიაწინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა გარკვევით უნდა უპასუხოს კითხვას, დაარღვია თუ არა გარეგინ II-მ უქორწინებლობის აღთქმა და ჰყავს თუ არა მას შვილი? კითხვაზე პასუხი დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს," წერდა სომხეთის პრემიერი ერთ-ერთ პოსტში. 

ამასთანავე, ფაშინიანის თქმით, სომხეთის რესპუბლიკას გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს პატრიარქის არჩევაში.

"სომხეთის რესპუბლიკას გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს ყოველთა სომეხთა კათალიკოსის არჩევაში. კათალიკოსის არჩევის კანდიდატებმა უნდა გაიარონ წარსულის შემოწმება. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს," დაწერა მან. 

8 ივნისს გავრცელებულ პოსტში კი ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეკლესია, ისევე როგორც სახელმწიფო, ხალხს ეკუთვნის და დაამატა, რომ "ეკლესია ხალხს უნდა დაუბრუნდეს". 

"სახელმწიფო (ხელისუფლება) ხალხს ეკუთვნის. ეკლესია ხალხს ეკუთვნის. ჩვენ სახელმწიფო (ხელისუფლება) ხალხს დავუბრუნეთ. ეკლესიაც უნდა დავუბრუნოთ ხალხს." - დაწერა მან.

კომენტარები