4 ოქტომბერი

უკანონოდ დაკავებულებს შორის არიან ჩვენი გუნდის წევრებიც – ახალი

ნიკა მელია და ნიკა გვარამია პოლიტიკური გაერთიანება "ახალის" პრეზენტაციაზე, 11 მარტი 2024 წელი

პარტია ახალის განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა შორის მათი გუნდის 3 წევრიცაა - გუკო ქარდავა, მანუჩარ მიქელაძე და ირაკლი ჩხვირკია. 

პარტიის შეფასებით, შსს-ს ყოველდღიური ბრიფინგები მოსახლეობის დაშინებას ისახავს მიზნად, ამიტომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო პროტესტის გაძლიერება და რუსთაველის აქციები. 

“ივანიშვილის რეჟიმმა გააძლიერა პოლიტიკური რეპრესიები საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების წინააღმდეგ. შედეგად, ქვეყანაში გვყავს ახალი პოლიტიკური პატიმრები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დაკავებულია 45 ადამიანი, მათ შორის ქალები, 70-ს გადაცილებული და მძიმე დაავადების მქონე ადამიანები. უკანონოდ დაკავებულებს შორის არიან ჩვენი გუნდის წევრებიც: გუკო ქარდავა, მანუჩარ მიქელაძე და ირაკლი ჩხვირკია. 

შსს-ს ქმედებები, ყოველდღიური ბრიფინგები და დაკავების მეთოდები ემსახურება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობის დაშინებასა და ამ გზით მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას. 

დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ჩვენი სამართლიანი პროტესტის გაძლიერება და გაფართოება. ამიტომ, ყოველ დღე ჯიუტად რუსთაველზე! 

ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, გამარჯვებამდე!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” - წერს პარტია ახალი.

კომენტარები