ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR) განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.
"ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლოდროინდელი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ძალადობრივი საპროტესტო აქციების გამო. ქვეყანაში დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სწრაფი გაურესების ფონზე, ODIHR საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს, უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი საქმიანობა თავისუფლად და უსაფრთხოდ განაგრძოს". – წერია ეუთო/ოდირის განცხადებაში.
ოდირმა განცხადებაში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მიერ მიღებული არადემოკრატიული კანონები:
"სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შემზღუდავი ბოლოდროინდელი კანონები კვლავ ზღუდავს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს. როგორც ODIHR-მა გასული წლის სამართლებრივ ანგარიშში აღნიშნა, ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონი შემაშფოთებელია და სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს".
განცხადების თანახმად, მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება და დაჯარიმება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება, ხოლო სამართალდამცავების მიერ გამოყენებული ძალა ხშირად არაპროპორციულია.





