ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამჯერად რუსეთის გმირის წოდების მქონე გენერალსა და რუსეთის დუმის დეპუტატს, ვლადიმირ შამანოვს დაუპირისპირდა.
გენერალ-პოლკოვნიკი შამანოვი 1995-1996 წლებში, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს რეგიონში რუსული ძალების დაჯგუფების ჯერ მეთაურის მოადგილე, შემდეგ კი მეთაური იყო. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ის მეთაურობდა ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოკრუგის 58-ე არმიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში ფედერალური ძალების გაერთიანებული ჯგუფის დასავლეთის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მის სახელსა და სტრატეგიას უკავშირდება ომის დანაშაულები და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი. 2000-2004 წლებში შამანოვი ულიანოვის ოლქის გუბერნატორი იყო, 2009 წლიდან 2016 წლამდე კი რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ძალებს მეთაურობდა. 2016 წლიდან ის დუმის დეპუტატია, მმართველი პარტიის სიით. თავდაპირველად, 2016-2021 წლებში შამანოვი დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2021 წლიდან რუსი გენერალი დუმაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და თემობრივ-რელიგიური გაერთიანებების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 სექტემბერს, შამანოვმა დუმის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის ინიციატივის პირველი მოსმენით მიღება გააკრიტიკა. მოთხოვნა სამი დასახლების სახელის ცვლილებას ითვალისწინებდა. საუბარია კაზაკურ სტანიცებზე (დასახლების ტიპი ძველ რუსეთში) ნაურსკაიაზე, შელკოვსკაიასა და სერნოვოდსკოიეზე. წინადადების მიხედვით, შელკოვსკაიას დაერქმევა ტერეკი (რუს. - თერგი), ნაურსკაიას - ნევრა, სერნოვოდსკოიეს - სერნოვოდსკი. სახელების გადარქმევის მიზეზად სახელდებოდა ფაქტი, რომ დასახლებების ტიპი შეიცვალა, დღეს ისინი ქალაქებია და ძველი ტოპონიმები ქალაქის აღმნიშვნელ რუსულ სიტყვა "გოროდთან" თანხვედრაში ვერ ჯდება.
"გვთავაზობენ სახელები შევუცვალოთ კაზაკურ სტანიცებს, რომლებსაც ისტორიული დასახელებები აქვთ. რუსულენოვანი მოსახლეობის იქიდან გამოყრა არ იკმარეს, ახლა დასახელებასაც შლიან. ეს ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაა. გეკითხებით, რას სჩადიხართ?" - სახელმწიფო დუმის მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა შამანოვი.
შამანოვის სიტყვით გამოსვლა პოპულარული გახდა რუსულ ულტრანაციონალისტურ ჯგუფებში. ომის მხარდამჭერი Z ბლოგერებისა და ტელეგრამ არხების ნაწილი დასახლების სახელების ცვლილებას "დერუსიფიკაციას" ეძახდა. შამანოვს მხარი დაუჭირეს ისეთმა ულტრანაციონალისტურმა და შოვინისტურმა მოძრაობებმა და ჯგუფებმა, როგორიცაა რუსული თემი, რუსული ხმალი, სამხედრო დაჯგუფება იმპერიული ლეგიონი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია წარსულში ანტიჩეჩნური განცხადებებით ცნობილ ნეონაცისტურ სამხედრო ჯგუფს - რუსიჩს, რომლის ლიდერიც გასულ თვეებში კადიროველების ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურს, აპტი ალაუდინოვს შეხვდა და ერთად ვიდეო გაავრცელეს. ტოპონიმების ცვლილება გააკრიტიკეს ულტრანაციონალისტურ, ცარისტულ ტელეარხ ცარგრადზეც.
შამანოვის სიტყვით გამოსვლას კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე რამდენიმე დღის შემდეგ, 2 ოქტომბერს უპასუხა. მან რუსს გენერალს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა შეახსენა და ჩეჩნებისთვის შენდობის თხოვნისკენ მოუწოდა. ამას გარდა, უთხრა, რომ თანამოაზრეებთან ერთად უკრაინაში მიმდინარე ომის ფრონტის ხაზზე წავიდეს. კადიროვმა შამანოვს შეახსენა რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის, იური ბუდანოვის მიერ 18 წლის ჩეჩენი გოგოს გატაცებისა და მკვლელობის საქმე და თქვა, რომ ახლანდელი დეპუტატი დამნაშავეს საჯაროდ იცავდა.
მცირე ხნის წინ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ვლადიმირ შამანოვი კრიტიკით დაესხა თავს ჩვენს ინიციატივას, გადაგვერქვა დასახლებული პუნქტების ნაურსკაიასა და შელკოვსკაიას სახელები (ახლა უკვე - ევრა და ტერეკი). მან ამ ცვლილებებს "ისტორიის წაშლა" უწოდა.
გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა აქ მცხოვრები ყველა ეროვნების, მათ შორის რუსებისა და კაზაკების აზრის გათვალისწინებით და მიზნად ისახავს წესრიგის შენარჩუნებასა და ჭეშმარიტი ისტორიის პატივისცემას. შელკოვსკოიესა და ნაურსკოიეს რაიონებში მრევლისთვის აშენებულია ეკლესიები და სახლები, შექმნილია კომფორტული პირობები სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების თანაცხოვრებისთვის. ეს არის რეალური სამუშაო, და არა შენი ცარიელი ყვირილი ისტორიის "გადაწერაზე".
25 წლის წინ, როცა სურდათ გადაეტანათ დედაქალაქო გროზნოდან (რომელიც დაფუძნებულია ციხესიმაგრე გროზნაიაზე), ახმატ-ჰაჯი კადიროვმა, შემდეგში ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა და რუსეთის გმირმა ამის უფლება არ მისცა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ქალაქის დასახელების ცვლილება სურდათ და ყველა საბუთს ამზადებდნენ, მე არ დავუშვი სახელის ცვლილება. ჩვენ არ ვცვლით ისტორიას, არამედ ვაშენებთ ქალაქებს, შენნაირების ჯიბრზე.
პირადად შენ მოგმართავ, შამანოვ. თუკი სიტყვა "პატრიოტი" შენთვის ცარიელი ხმა არაა, მოაგროვე შენნაირი მომხრეები და წადი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონის წინა ხაზზე. შევხედავთ შენს "შესაძლებლობებს". მხოლოდ ყურმოკვრით არ გვსმენია შენს "მდიდარ გამოცდილებაზე", რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დამცირებით მოაგროვე. ამიტომაც, შენ არ გაგაჩნია მორალური უფლება დუმაში იჯდე და თავს "ეროვნულ დამცველად" ასაღებდე. შეწყვიტე დეპუტატის მანდატისა და ხმამაღალი სიტყვების უკან მიმალვა.
შენ საჯაროდ იცავდი ბუდანოვს - დაუცველი ჩეჩენის გოგოს მკვლელს. ის ჩვენთვის სამუდამოდ დარჩება იმდროინდელი ცხოველობისა და სირცხვილის სიმბოლოდ, შენი სახელი კი ახლა მისი სახელის გვერდითაა. მუხლებზე უნდა დადგე და ჩეჩენ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვისთვის, ძარცვისთვისა და ნგრევისთვის შენდობა სთხოვო.
ვითარების ცვლილების ძალა უკვე აღარ გაგაჩნია - დაგრჩა მხოლოდ ბოღმა და მცდელობები, შენი ბოღმა გადმოანთხიო. შენი სიტყვები ჩეჩენი ხალხის მიღწევებს ვერ გააუქმებს. შევხვდებით სასამართლოში და თუ მართლმსაჯულება აღსრულდება, შენ პასუხს აგებ ყოველი სიტყვისთვისა და ქმედებისთვის.
კადიროვმა შამანოვზე კიდევ ერთხელ 5 ოქტომბერს ისაუბრა და თქვა, რომ გენერალი ტრიბუნალზე გასამართლებას იმსახურებს. მან დაამატა, რომ შამანოვს დანაშაულები "უკან დაუბრუნდება".
"ახლა, როცა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დაიწყეს შელკოვსკოიესა და ნაურსკოიეს სახელების ცვლილება, თავი წამოყო საზიზღარმა ნაძირალა შამანოვმა, რომელიც ჩადენილი დანაშაულებისთვის ტრიბუნალზეა გასაგზავნი. ის იყო ყველაზე დაუნდობელი გენერალი ჩეჩენი ერის მიმართ, მოსახლეობიდან მამაკაცები ველზე გაჰყავდა და ხვრეტდა. ეს დანაშაულები მას არ შერჩება და უკან დაუბრუნდება." - თქვა კადიროვმა.
6 ოქტომბერს შამანოვმა რუსულ მედია RTVI-სთან საუბარში თქვა, რომ კადიროვის კრიტიკაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა, მაგრამ აღნიშნა, რომ საკუთარ პოზიციას არ იცვლის.
"არაფერზე კომენტარს არ ვაკეთებ. ჩემი პოზიცია უცვლელია. ჩემი პოზიცია აღვნიშნე, ის გასაგებია." - თქვა შამოვმა.
"დიახ, რა თქმა უნდა." - უპასუხა შამანოვმა შეკითხვას, მომავალშიც დარჩება თუ არა საკუთარ პოზიციაზე.





