რამზან კადიროვის სპეცრაზმი ახმატის მეთაური და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილე აპტი ალაუდინოვი ნეონაცისტური დივერსიულ-მოიერიშე სადაზვერვო ჯგუფი რუსიჩის მეთაურს, ალექსეი მილჩაკოვს, ზედმეტსახელად სერბს შეხვდა.
ვიდეო ალაუდინოვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა.
ვიდეოში ჩანს სამი პირი: თავად ალაუდინოვი, მილჩაკოვი და მესამე ადამიანი, რომელზეც კადიროველების სპეცრაზმის ლიდერი ამბობს, რომ მილჩაკოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილეა.
"ჩემთან მოვიდნენ ჩვენი იარაღისმიერი ძმები, მოვიდნენ ბიჭები. დიდი ხანი ლაპარაკობდნენ, რომ არსებობს ასეთი ტიპი, რომლის ზედმეტსახელია სერბი, ისე კი ის... ანუ, რუსიჩი ქვედანაყოფია, ხომ? ქვედანაყოფი რუსიჩი - ვიღაცამ ადრეც მითხრა. მგონი ეს არის ჩვენი რუსიჩი, რომელიც ვაგნერშიც იყო. მათთან (ვაგნერთან) დიდი ხანია ვმეგობრობთ. შემდეგში, როცა გავიგეთ, რომ არსებობს ქვედანაყოფი რუსიჩი, რომელსაც სერბი უძღვება, დავუკავშირდით და საბოლოო ჯამში შეხვედრაზე შევთანხმდით." - თქვა ალაუდინოვმა.
ალაუდინოვის თქმით, მილჩაკოვთან ისაუბრა, თუ რა სახის ნაციონალისტია ის.
"ამბობს, რუსი ნაციონალისტი ვარო. მოიცადე, თუ რუსი ნაციონალისტი ხარ, რომელსაც საკუთარი ნაცია უყვარს და სურს, რომ ის იყოს უკეთესი, რათა ჩვენ ჭეშმარიტ საწყისებს დავუბრუნდეთ, ეს ჩემთვისა მისაღებია-მეთქი. მშვენიერი. თუ ხარ რუსი ნაციონალისტი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და დანარჩენები... ეს ცუდია, მაშინ ჩვენ მეგობრები არ ვართ. საბოლოო ჯამში საუბარი ისე შედგა, რომ გავიგე, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი ნაცია, საკუთარი ქვეყანა. წინ უამრავი სამუშაო გვაქვს, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს დიდებული, ძლიერი და ერთიანი." - თქვა ალაუდინოვმა.
ალაუდინოვის თქმით ის და მილჩაკოვი შეთანხმდნენ, რომ საერთო ქვეყანა და საერთო ინტერესები გააჩნიათ.
"საბოლოო ჯამში შევთანხმდით, რომ გვყავს საერთო მტერი, საერთო მიზნები, საერთო ამოცანები და საერთო ქვეყანა." - თქვა ალაუდინოვმა.
მილჩაკოვმა ხმა მას შემდეგ ამოიღო, რაც ალაუდინოვმა ამის ნება მისცა.
"თუ გსურთ თქვათ რამდენიმე სიტყვა, თქვით. რამდენიმეც და ბევრი სიტყვაც შეგიძლიათ თქვათ." - უთხრა ალაუდინოვმა რუს ნეონაცისტს.
მილჩაკოვის თქმით, ის და მისი რაზმი მომავალში ალაუდინოვთან ითანამშრომლებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ გამონახეს "საერთო ენა".
"რაც მთავარია - რა საჭირო ვართ ჩვენ, თუ რუსეთი არ იქნება, რუსეთი არსებობს, ამიტომაც გავაგრძელებთ... და ნებისმიერ პოზიცია უნდა მომდინარეობდეს ძალიდან და სამართლიანობიდან. მხოლოდ ძალა და სამართლიანობა. ამიტომაც საერთო ენა გამოვნახეთ. ყველა მომენტი განვიხილეთ." - თქვა რუსმა ნეონაცისტმა.
მილჩაკოვი ირწმუნება, რომ მას არავის შეშინებია.
"არავის ეგონოს, რომ აქ ვინმეს ვიღაცის შეეშინდა, ვინმე ვიღაცის ზეწოლის ქვეშ მოექცა, აქ მსგავსი რამ არ ყოფილა და არ იქნება. მე ყოველთვის ღირსებით ლაპარაკობ: მე არ მეშინია ადამიანების, მეშინია რუსეთის დაკარგვის და იმის, რომ ამ ომში დავმარცხდებით." - თქვა რუსიჩის მეთაურმა.
როგორც რუსიჩის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ცნობაში იყო ნათქვამი, მილჩაკოვსა და ალაუდინოვს შორის შეხვედრა "მეგობრული ტონით" შედგა და "ყველა საკუთარ აზრზე დარჩა". ამას გარდა ნათქვამი იყო, რომ "შემუშავებულ იქნა საერთო პოზიცია ამ ომში თანამშრომლობასთან, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვასა და პირადი ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით".
მილჩაკოვის ალაუდინოვთან შეხვედრას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა რუსიჩის ტელეგრამ-არხსა და რუსი ულტრანაციონალისტების სხვა ქსელებზეც. საპასუხოდ რუსიჩის მეთაურმა მიმართვა გაავრცელა.
"ბატონებო, მე ვთვლი, რომ დამოუკიდებლად შემიძლია გადავწყვიტო, ვისთან მქონდეს ურთიერთობა და ვისთან არა. არასდროს გადამიხვევია ჩემი პოზიციისთვის, არასდროს მითქვამს, რომ არ ვარ ის, რაც ვარ, ამიტომ ჩემი პირადი საქმეა ვის რას და როგორ გადავცემ, ვისთან მექნება კომუნიკაცია და ვისთან არა. მით უმეტეს რატომ უნდა ვთქვა უარი გამოწვდილ მეგობრობის ხელზე. რის სანაცვლოდ? თქვენი თვითგანდიდების გრძნობაზე?" - თქვა მილჩაკოვმა.
ამის შემდეგ რუსიჩის ტელეგრამ-არხის ადმინისტრატორმა გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მილჩაკოვი ალაუდინოვმა მიიწვია და მსგავს შეთავაზებაზე უარს "მხოლოდ მშიშარა იტყოდა". აქვე აღნიშნული იყო, რომ ეს შეხვედრის შემდეგ რუსიჩი ახმატის შემადგენლობაში არ გადადის.
მილჩაკოვი წარსულში საკუთარ თავს თავად უწოდებდა ნაცისტს.
რუსიჩის ტელეგრამ-არხზე ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას რუსეთის სხვადასხვა ეროვნებების წარმომადგენლების მიმართ. რუსულ ულტრანაციონალისტურ ჯგუფებში გაღვივებულია ანტიჩეჩნური განწყობები. როდესაც 2023 წელს ყოფილი ვაგნერელი, ალექსანდრ კუზნეცოვი, ზედმეტსახელად რატიბორი ახმატის სპეცრაზმს შეუერთდა, ამას რუსიჩის ჯგუფის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.
იყო პერიოდიც, როცა ალაუდინოვის სიტყვებს რუსიჩის ყოფილი წევრის უკმაყოფილება და გაუგებრობა მოჰყვა. 2024 წლის თებერვალში ალაუდინოვმა გამოთქვა მხარდაჭერა, რომ შექმნილიყო საბავშვო ბანაკი ახმატი, რომლის მიზანიც "ერების დამეგობრება" იქნებოდა. პასუხად რუსმა ულტრანაციონალისტებმა დასვეს შეკითხვა, წაიყვანდა თუ არა ალაუდინოვი საკუთარ შვილებს ბანაკ რუსიჩში, მსგავსი რამ რომ არსებულიყო.
"ხედავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვები როგორი აქვთ. მაგალითად: როგორ ფიქრობთ, რომ ყოფილიყო ასეთი საბავშვო ბანაკი რუსიჩი, გაგზავნიდა თუ არა აპტი ალაუდინოვი იქ საკუთარ ბავშვს? იცით რა, ოთახის მებრძოლებო და სავარძლის გმირებო? თავად შექმენით ისეთი ქვედანაყოფი როგორიც სპეცრაზმი ახმატია, რომელშიც თქვენი ფაშიზმი კი არ აყვავდებოდა - ამას ნაციონალიზმს ვერ ვუწოდებ, თქვენ ფაშისტები ხართ - არამედ ისეთივე ატმოსფერო, როგორიც მე სპეცრაზმ ახმატში მაქვს, რომ ყველა მებრძოლი, ყველა ეროვნების წარმომადგენელი, ყველა რელიგიის მიმდევარი თავს გრძნობდეს ერთ ოჯახად. ამის შემდეგ შემოგვთავაზეთ ამავე სახელის დარქმევა საბავშვო ბანაკისთვის." - თქვა ალაუდინოვმა რუსი ულტრანაციონალისტების პასუხად 2024 წლის თებერვალში.
მაშინ ალაუდინოვის სიტყვებს უარყოფითად გამოეხმაურა ტელეგრამ-არხი Говорит Топаз-ი, რომელსაც რუსიჩის ყოფილი მებრძოლი მართავს. მან დაუშვა, რომ ახმატის მეთაურის კრიტიკა შეიძლება მასაც მიემართებოდა. თუმცა, თავად რუსიჩში თვლიდნენ, რომ ალაუდინოვის სიტყვები დიდი ალბათობით მათ ქვედანაყოფს არ ეხებოდა. თუმცა ასევე აღნიშნეს, რომ ბანაკი რუსიჩი მხოლოდ ეთნიკურად რუსი ბავშვებისთვის შეიქმნებოდა და ბოდიშის მოხდას არ აპირებდნენ.
ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ რუსიჩის ჯგუფი მხარს უჭერდა კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ მოწყობილ აჯანყებას.
თავად ვაგნერელებსა და კადიროველებს შორის 2023 წელს, ჯერ კიდევ აჯანყების დაწყებამდე, უთანხმოება არსებობდა.