რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის თქმით, კიევისთვის Tomahawk-ების გაგზავნაზე გადაწყვეტილება "თითქმის" მიიღო

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Bigstock / Palinchak

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ების გაგზავნაზე გადაწყვეტილება "გარკვეულწილად, თითქმის" მიიღო, თუმცა ჯერ იკითხავს, თუ სად აპირებს უკრაინა მათ გამოყენებას.

"ვფიქრობ, მინდა გავარკვიო, რას აპირებენ მათი გამოყენებით - სად გზავნიან მათ" - განმარტა მან.

ამასთანავე, ტრამპის თქმით, მას არ სურს, რომ "ესკალაცია იხილოს".

ცნობისთვის, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას განიხილავს.

მანამდე, 27 სექტემბერს, WSJ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 2 400 კილომეტრს აღემატება. 

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 სექტემბერს Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში რუსეთი "ქაღალდის ვეფხვს" შეადარა და დაწერა, რომ უკრაინას რუსეთისგან მთელი ტერიტორიის უკან დაბრუნება შეუძლია. 

უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე მიმდინარე დისკუსიების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 5 ოქტომბერს ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში "პოზიტიური" ტრენდები განადგურდება, თუკი ვაშინგტონი უკრაინას Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტებს გაუგზავნის. 

"შორი რადიუსის სარაკეტო სისტემების, მათ შორის, Tomahawk-ების, უკრაინისთვის მიწოდება გამოიწვევს რუსეთსა და აშშ-ს შორის აღმოცენებადი პოზიტიური ტრენდების განადგურებას," განუცხადა პუტინმა რუს პროპაგანდისტს, პაველ ზარუბინს. 

კომენტარები