ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა, ვიქტორ ნეგრესკუმ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ევროპარლამენტის 55-მა წევრმა ევროკავშირის 19 ქვეყნიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა.
"ეს ძლიერი პოლიტიკური სიგნალია: ევროპარლამენტი მოლდოვის ევროპულ მომავალს მხარს უპირობოდ უჭერს, მიღწეულ რეფორმებს აღიარებს და მოითხოვს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებში გამოხატულ მოქალაქეების ნებას პატივი სცენ." - წერს ნეგრესკუ Facebook-ზე.
ევროპარლამენტარებმა დაწერეს, რომ მოლდოვის ბოლო თავისუფალმა და სამართლიანმა არჩევნებმა ევროინტეგრაციის მკაფიო სურვილი დაადასტურა, "გარე ზეწოლისა და დეზინფორმაციული კამპანიების" მიუხედავად.
ევროპარლამენტარების წერილი კოშტას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააყენოს მოლდოვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხი საბჭოს დღის წესრიგში.
"ევროკავშირმა ახლავე უნდა იმოქმედოს, რათა აჩვენოს თავისი მხარდაჭერა მოლდოვის მოქალაქეების დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ." - წერენ ევროპარლამენტარები.
2025 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებული მაია სანდუს პროევროპული, უკრაინის მხარდამჭერი პარტია PAS გახდა. ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ პრეზიდენტის პარტიამ ხმების 50.20% მოიპოვა.
შედეგად, მოლდოვის მომავალ პარლამენტში PAS-ის პარტიის დეპუტატები 101-დან 55 ადგილს დაიკავებენ.





