პოლიციელის დაჭრა

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, კაცს, რომელმაც 3 დეკემბერს სამოქალაქო პირი და გამოძახებაზე მისული პოლიციელი დაჭრა, ბრალი წარედგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ბრალდებულმა თანნაქონი დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, გულმკერდისა და მხრების არეში, დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.  

აღნიშნული ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ბრალდებულს შეჩერებისკენ  მოუწოდეს და სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და დანა ფეხის არეში დაარტყა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით). ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები