4 ოქტომბრის აქცია

გელაძე: ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ შედგა მშვიდობიანი დაშლა

ივანიშვილის შს მინისტრის, გეკა გელაძის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე, ხოლო ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ ისინი "შესაბამის სამართლებრივ პროცესებში მიეცემიან".

გელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მშვიდობიანი დამხობა ვერ შედგა, მაგრამ "შედგა მშვიდობიანი დაშლა".

"სამედიცინო დაწესებულებაში დარჩა 2 პოლიციელი, რომელთა მდგომარეობა გუშინ საკმაოდ მძიმე იყო, დღეს შედარებით დასტაბილურდა. მინდა, თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო. საკმაოდ მაღალი სტანდარტით, გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. მშვიდობიანი დამხობა ვერ შედგა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა. გამოძიება დაწყება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, დაკავებულია 5 ადამიანი, მიმდინარეობს კვლავ, ამ წუთებშიც, ოპერატიული და საგამოძიებო სამუშაოები და შესაბამისად, ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ მიეცემა შესაბამის სამართლებრივ პროცესებში". - უთხრა გელაძემ ქრონიკას.

შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დაკავებულია 5 პირი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.

"მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - თქვა ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

ამასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია დააკავეს - ინფორმაცია ბრიფინგზე დაადასტურა ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ."გიდასტურებთ მის დაკავების ფაქტს, გამოძიება მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს" - თქვა დარახველიძემ.

დამატებითი განმარტებები უწყებაში არ გაუკეთებიათ, უკავშირდება თუ არა შამახიას დაკავება 4 ოქტომბრის აქციას.

კომენტარები