თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის თქმით, აშენდება ახალი საავტობუსო ხიდი, რომელიც დააკავშირების ცოტნე დადიანის ქუჩას მეტროსადგურ სადგურის მოედნამდე.
"ჩვენ გვაქვს ერთი მონაკვეთი, რომელიც კონკრეტულად ცოტნე დადიანიდან მეტროსადგურ სადგურის მოედნამდე იქნება დაკავშირებული აღნიშნული ხიდით. გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემა არის ამ არეალების ერთმანეთთან დაკავშირება და 18-მეტრიანი ავტობუსების ამ მიმართულებით, ფიროსმანის ქუჩით, ძალიან პრობლემურია მათი გადაადგილება და ეს იქნება ფაქტობრივად საავტობუსო ხიდი, რომელიც ფაქტობრივად უზრუნველყოფს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს ყველაზე დატვირთულ უბნებს შორის კავშირის კომფორტულად, 18-მეტრიანი ავტობუსებით". - თქვა ტყემალაძემ.
ამასთან ერთად, ტყემალაძემ ასევე ისაუბრა დამატებით 3 საბაგირო დერეფანზე, რომელთა მოწყობასაც თბილისში გეგმავენ. კალაძის ვიცემერი საზოგადოებას დაპირდა, რომ მოეწყობა ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბანი, მეტრო "სარაჯიშვილი"-ზღვისუბანი, მ/ს "სამგორისა" და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა.
"და საბაგირო - რომლის ტრადიციაც ჩვენს ქალაქში არის [...] ამ შემთხვევაში უკვე საბაგიროს ეძლევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია და ზუსტად ეს სამი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით იქნება დიდი შეღავათი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბანი, მეტრო "სარაჯიშვილი"-ზღვისუბანი, მ/ს "სამგორისა" და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. […] რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ირიბად იქნება დაკავშირებული ავტობუსების, მიკროავტობუსების გამოთავისუფლებასთან და ზოგადად ტრანსპორტის მოძრაობასთან ჩვენს ქალაქში". - თქვა ტყემალაძემ პრეზენტაციის დროს.





