მოლდოვა

BBC-ის ცნობით, მოლდოვაში საიდუმლო პრორუსულ ქსელში შეაღწიეს, რომელსაც არჩევნებში ჩარევა სურს

ფოტო პრორუსული ქსელის ერთ-ერთი ონლაინ-სემინარიდან
BBC

გამოცემა BBC საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ მოლდოვაში რუსეთის მიერ დაფინანსებული საიდუმლო ქსელი მომავალ არჩევნებში ჩარევას ცდილობს და დეზინფორმაციას ავრცელებს. 

BBC-მ ფარულად მომუშავე ჟურნალისტის დახმარებით გაარკვია, რომ ქსელი მსურველებს 28 სექტემბერის საპარლამენტო არჩევნებამდე ინტერნეტში პრორუსული პროპაგანდისა და ცრუ ამბების გავრცელების სანაცვლოდ დაფინანსებას პირდება. 

ჟურნალისტი ქსელში Telegram-ის ჯგუფის მეშვეობით გაწევრიანდა, სადაც მას და 34 სხვა რეკრუტირებულ პირს ონლაინ სემინარებში მონაწილეობას სთხოვდნენ, რომელთა მასალის შესახებ ტესტებს უტარებდნენ. როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი მათგანის სახელწოდებაა “როგორ მიხვიდეთ თქვენი სამზარეულოდან ეროვნულ ლიდერობამდე”. 

მოგვიანებით, BBC-ის რეპორტიორს ქსელის კოორდინატორი, ალინა ჟუკი, დაუკავშირდა და არჩევნებამდე TikTok-სა და Facebook-ზე პოსტების დადების სანაცვლოდ თვეში 3 000 მოლდოვური ლეი შესთავაზა, რომელიც მას სანქცირებული რუსული ბანკიდან, Промсвязьбанк-დან ჩაერიცხებოდა. 

BBC-ის ჟურნალისტსა და ტრენინგების სხვა მონაწილეებს სოციალურ ქსელში ChatGPT-ის გამოყენებით პოსტების წერას ასწავლიდნენ. გამოცემის მიხედვით, Telegram-ის ჯგუფში ისწავლებოდა, რომ კონტენტი “იზიდავს ხალხს, თუკი სურათი შეიცავს გარკვეულ სატირას [...] უფრო მეტად, ვიდრე რეალობას”, თუმცა ასევე აღინიშნებოდა, რომ AI-ის გადაჭარბებით გამოყენებას თავი უნდა აარიდონ, რათა პოსტები “ორგანულად” გამოიყურებოდეს. 

როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად ფარულად მომუშავე რეპორტიორს მოლდოვის ისტორიული ფიგურების შესახებ პატრიოტული პოსტები უნდა ეწერა, თუმცა მოგვიანებით უსაფუძვლო ბრალდებების დაწერა დაევალა. 

კერძოდ, მონაწილეებს პრორუსული ქსელის დავალებით უნდა გაევრცელებინათ ინფორმაცია, რომ EU-ში მოლდოვის წევრობა მოითხოვს ქვეყნის სექსუალური ორიენტაციის ცვლილებას და რომ პრეზიდენტი მაია სანდუ ბავშვების ტრეფიკინგით არის დაკავებული. 

გამოცემის თანახმად, ქსელის მონაწილეებს ფულს ასევე იმისთვის უხდიდნენ, რომ პრორუსული ოპოზიციის, პატრიოტული საარჩევნო ბლოკის მხარდამჭერები აღერიცხათ და არარსებული ორგანიზაციის სახელით შერჩევითი გამოკითხვა ჩაეტარებინათ, რომელიც აჩვენებდა, რომ მმართველი პარტია სინამდვილეში არჩევნებს წააგებს.

როგორც BBC წერს, ქსელის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განმარტა, რომ ეს კვლევა არჩევნების შესაძლო შედეგებში ეჭვის შეტანისთვის სამომავლოდ საფუძველს უქმნით. 

გამოცემის ცნობით, ამ ე.წ. გამოკითხვის შედეგები ინტერნეტში უკვე გამოქვეყნდა. 

თუმცა, ოფიციალური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მმართველი პროევროპული პარტია, ქმედებისა და სოლიდარობის პარტია მხარდამჭერთა რაოდენობით ოპოზიციას უსწრებს. 

BBC-ის მიხედვით, საიდუმლო ქსელი ამჟამად მოსკოვში მცხოვრებ მოლდოველ ოლიგარქს, ილან შორს დაუკავშირეს, რომელიც აშშ-ს მიერ “კრემლის მავნე გავლენის ოპერაციებში” მონაწილეობისთვის, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მიერ კორუფციისთვის არის სანქცირებული.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ Промсвязьбанк ილან შორის ერთ-ერთი კომპანიის აქციების მფლობელია. 

გარდა ამისა, BBC წერს, რომ პროპაგანდისტულ ქსელს არასამთავრობო ორგანიზაცია Евразия-ც დაუკავშირეს, რომელსაც შორთან აქვს კავშირები. 

“2024 წელს [ილან შორის] კამპანია ყურადღებას ფულზე ამახვილებდა, წელს კი - დეზინფორმაციაზე”. - თქვა მოლდოვის პოლიციის უფროსმა, ვიორელ ჩერნაუტიანუმ BBC-სთან საუბრისას. 

ცოტა ხნის წინ მოლდოვაში ანტიკორუფციულმა ბიურომ ამომრჩევლების მოსყიდვის, პოლიტიკური პარტიების უკანონო გზით დაფინანსებისა და ფულის გათეთრების საქმეებზე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რეიდები ჩაატარა.

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, საარჩევნო კორუფცია და გარედან არალეგალური ფინანსური ჩარევა რუსეთის მთავარი ინსტრუმენტებია მოლდოვაში გასამართლი საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.

გარდა ამისა, მოლდოვის პრემიერმინისტრმა, დორინ რეჩანმა თქვა, რომ რუსმა აგენტებმა დაახლოებით 200 მილიონი ევრო, მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1%-ის ეკვივალენტი, დახარჯეს გასულ წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გამართულ რეფერენდუმში ხმების მოსასყიდად. 

ცნობისთვის, 2023 წლის ივნისში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია Șor არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და მისი დაშლის ბრძანება გასცა. პარტიას ბრალად ედება ქვეყანაში მასობრივი აქციების ორგანიზების გზით დესტაბილიზაციის მოწყობა. პარტიის დამფუძნებელს, ილან შორს დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. შორი თავს მოსკოვს აფარებს.

კომენტარები