რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

საჰაერო სივრცის დარღვევას NATO-მ სათანადოდ უნდა უპასუხოს, მათ შორის, სამხედრო გზით – პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი
REUTERS/David W Cerny

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა თქვა, რომ რუსეთის მიერ NATO-ს საჰაერო სივრცის დარღვევა "უკიდურესად უპასუხისმგებლოა" და ამას ალიანსის წევრ ქვეყნებს სათანადო პასუხი უნდა გასცენ, მათ შორის, "სამხედრო" გზით.

პაველმა განმარტა, რომ NATO-ს წევრებმა რუსეთს "ადეკვატურად" უნდა უპასუხონ და "ეს სამხედრო პასუხსაც გულისხმობს". 

"იძულებული ვარ, რომ ეს უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელად მოვიხსენიო, რადგან საჰაერო სივრცის დარღვევა - ეს თავდაცვის მექანიზმების გააქტიურების და, შესაბამისად, ასეთი თვითმფრინავის ჩამოგდების საფუძველია, ეს კი არც ჩვენი და არც რუსული მხარიდან არავის არ სურს". - თქვა პაველმა. 

პაველმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი კონფლიქტის პირას ბალანსის დაჭერას საჭიროებს, თუმცა ბოროტებისთვის დათმობა მიუღებელია. 

"რუსეთი [ადეკვატური პასუხის შემთხვევაში] ძალიან მალე მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და დაშვებული საზღვრები დაარღვია. სამწუხაროდ, ეს კონფლიქტის პირას ბალანსის დაჭერის საკითხია, თუმცა ბოროტებისთვის დათმობა უბრალოდ მიუღებელია. რუსეთი ისე მოიქცევა, როგორც ჩვენ დავრთავთ ნებას". - თქვა პაველმა.

10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.

მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.

12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.

დღეს, 13 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ 40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც  პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთება არის გამოთქმული.

კომენტარები