ისრაელი-ჰამასის ომი

ტრამპის ულტიმატუმის შემდეგ ჰამასი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Jonathan Ernst/Reuters/File

7 სექტემბერს ჰამასმა ტრამპის ულტიმატუმის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაუყოვნებლივ დასაჯდომად მზადაა.

"მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა ყველა მძევლის გათავისუფლება ომის დასრულების მკაფიო განცხადების, ღაზას სექტორიდან სრული გასვლისა და ღაზას სექტორის სამართავად დამოუკიდებელი პალესტინელების კომიტეტის შექმნის სანაცვლოდ განვიხილოთ" - განაცხადა ტერორისტულმა ორგანიზაციამ.

ჰამასმა ასევე დაადასტურა, რომ მიიღო "ამერიკული მხრიდან რამდენიმე იდეა, რომლებიც ზავის მიღწევას ისახავს მიზნად".

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰამასს "ბოლო გაფრთხილებას" აძლევდა, რომ ომის დასრულებისთვის მის პირობებს დათანხმდეს და დაამატა, რომ ისრაელმა მის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გეგმას უკვე დასთანხმდა.

შეტყობინება, რომელიც ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, კონკრეტულ პირობებს არ ასახელებს, თუმცა ისრაელური მედიის, Channel 12-ის ინფორმაციით, ამერიკული წინადადება ზავის პირველი დღიდან ყველა მძევლის გათავისუფლებასა და მოლაპარაკებების გზით ღაზაში ომის დასრულებას ითვალისწინებს.

"ყველას უნდა, რომ მძევლები სახლში დაბრუნდნენ. ყველას უნდა, რომ ეს ომი დასრულდეს! მოვიდა დრო, რომ ჰამასმაც მიიღოს [ჩემი პირობები]. მე გავაფრთხილე ჰამასი, რა შედეგები მოჰყვება უარს. ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა. სხვა აღარ იქნება" - დაწერა ტრამპმა.

Times of Israel იუწყება, რომ ისრაელს ტრამპის წინადადების მიღება არ დაუდასტურებია, თუმცა პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დაახლოებული წყაროს თქმით, ისრაელი ამ გეგმას "ძალიან სერიოზულად განიხილავს".

ისრაელურ მედიაში გავრცელებული წინადადების მიხედვით, ჰამასი პირველი დღიდან გაათავისუფლებს დარჩენილ 48 მძევალს, როგორც ცოცხალს, ასევე დაღუპულს, ხოლო ისრაელი ასობით პალესტინელ ტერორისტსა და ათასობით სხვა პატიმარს გაათავისუფლებს.

გარდა ამისა, ღაზას ქალაქში ისრაელის თავდაცვის ძალების შეტევა შეწყდება და ისინი ქალაქის გარეთ დარჩებიან.

ორივე მხარე ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებს ტრამპის პირადი ზედამხედველობით წარმართავს, ხოლო მოლაპარაკებების განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდება.

კომენტარები