კორუფცია

მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, გიორგი კაპანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.

პატიმრობის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურორის თქმით, არსებობს მიმალვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის რისკი.

გიორგი კაპანაძე 5 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება.

"საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნისა და აღების ფაქტს.

ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ჯამში 2 ჰა ფართობის, ორი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო სტატუსიდან არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე გადაყვანის სანაცვლოდ, გ.კ-მ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 1კვ. მეტრზე 20 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 400 000 აშშ დოლარი, საიდანაც მისთვის წინასწარ უნდა გადაეცა 100 000 აშშ დოლარი. გ.კ-ს განმარტებით, თავად იქნებოდა გარანტი, რომ ორივე მიწის ნაკვეთს შეეცვლებოდა მიზნობრივი დანიშნულება.

2025 წლის 5 სექტემბერს, გ.კ-ს მოთხოვნით, უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ 400 000 აშშ დოლარიდან მას წინასწარ გადასცა ზემოხსენებული თანხის ნაწილი 80 000 აშშ დოლარი". - წერია სუს-ის განცხადებაში.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები