ბათუმის დრამატული თეატრის დასი დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას ითხოვს. მსახიობების თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა დასთან შეხვედრაზე რეჟისორ ოთარ ქათამაძის გარდაცვალებაზე სამძიმრის მაგივრად, გასტროლებსა და შტატის შევსებაზე დაიწყო საუბარი. მათივე თქმით, ქანთარია ქათამაძის პანაშვიდზეც არ ყოფილა.
"ცოტა ხნის წინ, დავკრძალეთ ჩვენი მეგობარი მსახიობი, ოთარ ქათამაძე, 42 წლის ბიჭი და იმის მაგივრად, რომ ყოფილიყო ჩვენს გვერდზე, დასის გვერდზე, ჭირისუფალში, მთელი საქართველო აქ იყო და მთელი საქართველო გვისამძიმრებდა, ეს ადამიანი უბრალოდ არ იყო" - ამბობს მსახიობი თათია ქანთარია ფორმულასთან.
თავად ნუკრი ქანთარია კითხვის პასუხად, რატომ არ იყო ოთარ ქათამაძის სამძიმარზე, ქალაქში არყოფნას ასახელებს.
"სამწუხაროდ, არ ვიყავი არც თბილისში, არც ბათუმში და ისეთ ადგილას ვიყავი, რომ ვერ მოვახერხებდი ჩამოსვლას [...] თუმცა, რაც ჩვენს გვერდზე დაიწერა, ყველაფერი ჩემი სახელით იყო" - თქვა ქანთარიამ.
ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობის, მეგი კობალაძის თქმით, ნუკრი ქანთარიას არ აქვს არანაირი უფლება, "დღეს იყოს ჩვენი თეატრის გუნდის წევრი, მე მგონი, თავმოყვარე ადამიანმა უნდა დაწეროს წერილი და უნდა დატოვოს თეატრი".
მსახიობების თქმით, ნუკრი ქანთარიასგან გადადგომაზე უარი მიიღეს - "მე არსად არ წავალ, თქვენ წახვალთ".
თეატრის დირექტორთან შეხვედრის დეტალებზე გამოცემა ბათუმელებს მსახიობი ავთო ქარჩავა ესაუბრა.
"მეგონა, წუთიერი დუმილით დაიწყებდა შეხვედრას, მაგრამ დაიწყო გასტროლებზე საუბრით. ავდექი, სიტყვა ვითხოვე და მივმართე დასს - "რაც ჩაიდინა ოთო ქათამაძის პანაშვიდზე არჩამოსვლით, რომელიმე გაამართლებთ ამის საქციელს მეთქი?“, დასი გაჩუმდა. მე მივუბრუნდი და ვუთხარი – ეს არის ვერდიქტი, რომ თქვენ დატოვოთ აქაურობა და წახვიდეთ-მეთქი. დასიდან არავინ მას მხარი არ დაუჭირა. მე ვუთხარი – წადი თეატრიდან. ნუკრი ქანთარიამ მითხრა – მე თქვენ გაგაგდებთო. ვნახოთ, ვინ ვის გააგდებს“ - უთხრა ქარჩავამ ბათუმელებს.
თავად ნუკრი ქანთარიამ კითხვას, რატომ დაასრულა დასთან შეხვედრა დროზე ადრე, ასე უპასუხა -"იმიტომ, რომ აღელვებულები არიან და შემდეგში გავმართავ".
ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები აჭარის კულტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, ნუკრი ქანთარიას გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, დასი იგივე მოთხოვნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს მიმართავს.





