გამოცემა Bloomberg-ი წერს, რომ პეკინში გამართული სამხედრო აღლუმის დროს მიკროფონმა შემთხვევით ჩაიწერა სი ძინფინგის, ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის საუბარი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებას ეხებოდა.
მედია წერს, რომ ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების საუბრის ნაწილი პირდაპირ ეთერში გავიდა მაშინ, როცა ისინი იაპონიის მეორე მსოფლიო ომში კაპიტულაციის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმის საყურებლად მიდიოდნენ.
Bloomberg-ი წერს, რომ სიცოცხლის გახანგრძლივებაზე საუბარი ერთ წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა და მხოლოდ მისი ნაწილი ისმოდა. ისმოდა სის ჩინურად ნათქვამი სიტყვები: "დღეს" და "70 წლის". ამის შემდეგ ისმოდა თარჯიმნის ხმა, რომელმაც ჩინეთის ლიდერის სიტყვები თარგმნა. ის რუსულად ამბობდა: "ადრე ხალხი 70 წლამდე იშვიათად აღწევდა, მაგრამ დღეს 70 წლის ასაკში ბავშვივით ხარ".
Bloomberg-ის ცნობით, ამ სიტყვების შემდეგ პუტინმა კომენტარი გააკეთა, თუმცა მისი რუსული საუბარი არ ისმოდა, თუმცა ისმოდა თარჯიმნის ხმა: "ბიოტექნოლოგიის განვითარებით, ადამიანის ორგანოების განმეორებითი ტრანსპლანტაცია გახდა შესაძლებელი და ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ უფრო და უფრო ახალგაზრდულად, უკვდავების მიღწევაც კი შესაძლებელია". ისმოდა სხვა თარჯიმნის ხმაც, რომელმაც კომენტარი ორგანოების გადანერგვაზე კორეულად თარგმნა.
ამის შემდეგ, სანამ კადრი გაწყდებოდა, ჩანაწერში ისმოდა სის ხმა: "მოლოდინების მიხედვით, ამ საუკუნეში 150 წლამდე ცხოვრების შესაძლებლობა არსებობს.





