საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის წარმომადგენელი, თეა წულუკიანი მისი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას წარადგენს.
წულუკიანმა ისაუბრა კახა ბენდუქიძეზეც, მისი მტკიცებით, ბენდუქიძემ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ქონება მიისაკუთრა.
"შევისწავლეთ აგრარული უნივერსიტეტის საქმე, სადაც გამოიკვეთა, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, კაცი, რომელიც ყველაფერს ყიდდა სინდისის გარდა, ბატონი ბენდუქიძე, აღმოჩნდა აურაცხელი, დიდი ქონების პატრონი, რომელიც თავის დროზე, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა" - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში მისი კომისიის დასკვნის წარდგენისას.
წულუკიანმა ასევე ისაუბრა, საქართველოს უნივერსიტეტზე, მისი თქმით, შეისწავლეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე - "ეს ის სახელმწიფო ქონებაა, რომელიც სააკაშვილისა და მისი გარემოცვის წყალობით, ხელში ჩაიგდო მისმა დედამ, ქალბატონმა გიული ალასანიამ" - თქვა წულუკიანმა.
2007 წლის ბოლოს კახა ბენდუქიძემ ცოდნის ფონდი შექმნა, დააფუძნა თავისუფალი უნივერსიტეტი, მოგვიანებით კი ცოდნის ფონდის მმართველობაში გადავიდა აგრარული უნივერსიტეტიც. 2007-2012 წლებში ცოდნის ფონდმა უმაღლესი განათლების სფეროში 50 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი საქველმოქმედო ინვესტიცია განახორციელა.
ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, რეფორმატორი კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა.





