რუსული რეჟიმი

გახარია: ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა

გახარია საქართველოსთვის

გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მანდატებზე უარის თქმა შეცდომა იყო - ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის, პოლიტიკური ბოიკოტის მხრივ არაფერი შეცვლილა, რადგან "ამის დრო არ არის ახლა, ყველანი ვართ მუნიციპალური არჩევნების პროცესში", თუმცა იგი ასევე ამბობს, რომ სავარაუდოდ, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭო დარჩენილი 12 მანდატის შესახებ იმსჯელებს. კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა აღნიშნული 12 მანდატით სარგებლობას, გახარიას პასუხობს:

"რა თქმა უნდა, მე არაფერს გამოვრიცხავ და ეს პირდაპირ იქნება დაკავშირებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც იქნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს იქნება დაკავშირებული იმ პროცესთან, რომელიც მიმდინარეობს რეგიონში...".

1 სექტემბერს, ივანიშვილის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გახარია საქართველოსთვის მანდატშეწყვეტილი წევრების ადგილმონაცვლე დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ გახარიას პარტიას სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით ცესკოსთვის სიების ჩახსნის მოთხოვნით არ მიუმართავს. თუმცა, პარტიის 12 დეპუტატი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებდა და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობდა. 

"მე არ ვთვლი, რომ ბოიკოტი არის და გამომდინარეობს საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან. საერთოდ, ბოიკოტში შეიძლება იყოს მოსახლეობა, პარტიის ბოიკოტს ძალიან დიდი ძალა არ აქვს, თუ მისი მხარდამჭერებიც ბოიკოტის მომხრეები არ არიან. მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს გავახსენო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც შედეგები გამოქვეყნდა, საერთოდ არანაირი საპროტესტო მუხტი ქვეყანაში დიდი და ძლიერი არ ყოფილა. მოქალაქეებისთვის პარლამენტში გიორგი გახარია იჯდება, თუ პეტრე და ივანზე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მოქალაქეებისთვის მნიშვნელობა არ აქვს და გამოჩნდა ეს. მას შემდეგ, როდესაც ხელისუფლება გამოვიდა და ევროპული გაწევრიანების პროცესი გააჩერა და შემდეგ საპროტესტოდ გამოსულ ადამიანებს სცემა და შემდეგ მიიღო რამდენიმე კანონი, რამაც ფაქტობრივად, გზა დაუკეტა... 

ამიტომ გეუბნებით, რომ ბოიკოტი ჩემთვის საერთოდ არ არის დაკავშირებული საპარლამენტო შედეგებთან, უფრო მეტსაც გეტყვით, ევროპული მთავრობების და ხელისუფლებების დღევანდელი ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის შეზღუდვა საერთოდ არ არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან, დაკავშირებული არის სწორედ იმასთან, რაც ჩაიდინეს არჩევნების შემდეგ. დღეს, გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა. ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი, შევძლებთ ამის გამოყენებას, თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც იქნება მუნიციპალური არჩევნების შემდეგ." - აცხადებს გახარია.

კომენტარები