საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რეჟიმის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება და ხელისუფლებას გადაწყვეტილების უკან წაღებისკენ მოუწოდებს.
"ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ უკან წაიღოს დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება. ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე და მართლმსაჯულების რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენება - ფინანსური უკიდურესად შეზღუდვის გზით პოლიტიკური დევნისკენ მიმართული ქმედება, რომლის მიზანია განსხვავებული აზრის ჩახშობა და დასჯა.
სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციები არ არიან სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალი. წლების მანძილზე, საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მთავარი ძალაა, რომლებსაც ხელჩასაჭიდი სარგებელი მოაქვს მოქალაქეებისთვის. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს და ძირს უთხრის იმ საბაზისო პრინციპებს, რისი მოლოდინიც არსებობს კანდიდატი ქვეყნისგან.
ევროკავშირის მყარად გვერდში უდგას ძლიერ და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ზრდადი რეპრესიების მიუხედავად კვლავ ემსახურება მოქალაქეებს" – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.
დაყადაღებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას, საფარისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის.





