საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის და გიორგი გორგაძის საქმეზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენს 2 სექტემბერს გამოაცხადებს.
თავდაპირველად დასკვნითი პროცესი 1 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა თარიღი დღეს შეცვალა.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართეს ადვოკატებმა, დავით ჭიკაიძემ და გუჯა ავსაჯანიშვილმა, აგრეთვე თავად ბრალდებულებმა.
პროკურატურა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება - მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





