ვარკეთილის მეტრო

მეტრო ვარკეთილი 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას შეცვლილი გრაფიკით განაახლებს

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგური "ვარკეთილი“ ხვალიდან მგზავრთა მიღებაზე გაიხსნება, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება.

"სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან. გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ" - წერია მერიის განცხადებაში.

ვარკეთილის მეტრო 12 ივლისს 45 დღით დაიკეტა.

თბილისის მერის განცხადებით, ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. მეტრო 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა, თუმცა, რამდენიმე თვეში, 2018 წლის 30 იანვარს ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

მერიამ ვარკეთილის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის ტენდერი 2022 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია მამისონთან მერიამ ხელშეკრულება გაფორმებიდან 6 თვეში გაწყვიტა.

"მეორე ხელშეკრულება მერიამ უკვე უტენდეროდ, გამარტივებული წესით გაუფორმა შპს ბადა ქონსთრაქშენს. ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 13.4 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი ქართული ოცნების დამფინანსებელია". - ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში. 

GMC-ის ინფორმაციით, 2022 წლამდე ბადა ქონსთრაქშენს სახელმწიფო ორგანოსთან მაქსიმუმ 2 245-ლარიანი ხელშეკრულება ჰქონია გაფორმებული. 

ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართული ოცნების შემომწირველმა კომპანია ბადა ქონსტრაქშენმა 2023 წლის 9 თებერვალს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 18 თვეში უნდა დაესრულებინა. კახა კალაძე 2024 წლის თებერვალში ამბობდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდებოდა.

2025 წლის აპრილში თბილისის მერმა თქვა, რომ ახალი ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან გააფორმეს.

კომენტარები