საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თუშეთში, წოვეთის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი და მიმდინარეობს სამუშაოები.
ხანძრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში მოქალაქე თამარ ჯამარაშვილმა გაავრცელა.
სამსახურის ცნობით, სამუშაოებში ჩაერთო ვერტმფრენიც.
“ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა.
ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით.
დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს” - წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.





