რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი მზადაა, პუტინთან დაჯდეს და ტერიტორიული საკითხები განიხილოს – კისლიცა

Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სერჰიი კისლიცამ თქვა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, რომ მასსა და პუტინს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში ტერიტორიული საკითხები განიხილოს, ეს საუბარი კი ფრონტის ხაზზე ახლანდელ შეხების ხაზს უნდა ეფუძნებოდეს.

ამავდროულად, კისლიცას თქმით, ზელენსკი ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით უკრაინის იურიდიული ჩარჩოთი და საზოგადოებრივი განწყობით ხელმძღვანელობს, ხოლო უკრაინული საზოგადოება მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიით ვაჭრობას “კატეგორიულად ეწინააღმდეგება”. 

ამის შესახებ კისლიცამ NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

“ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან მკაფიოა და პრეზიდენტი ზელენსკი ხელმძღვანელობს როგორც იურიდიული ჩარჩოთი, რომელიც უკრაინაში მომქედებს, ისევე საზოგადეობრივი განწყობით. საზოგადოება კატეგორიულად ეწინააღმდეგება მშვიდობაზე ჩვენი მიწის გაცვლას და ეს ვაშინგტონში ნათლად იყო გამოთქმული, როგორც ჩვენი პოზიცია. თუმცა, როდესაც ჩვენ ტერიტორიულ საკითხებზე ვილაპარაკეთ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათელყო, რომ მზად არის, პრეზიდენტ პუტინთან დაჯდეს და ეს განიხილოს, ტერიტორიულ საკითხებზე საუბრების საწყისი წერტილი კი ახლანდელი შეხების ხაზი უნდა იყოს”. - თქვა კისლიცამ. 

გარდა ამისა, კისლიცამ თქვა, რომ რუსეთი აშშ-თი მანიპულირებს და ამერიკელებისთვის გამაღიზიანებელი ხდება. მისივე თქმით, “ვერანაირი ნიშანს ვერ ხედავს”, რომ პუტინი შინაარსიანი მოლაპარაკებებისთვის ან ორმხრივი ან სამმხრივი შეხვედრისთვის მზად არის.

“ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ რუსეთი აშშ-თი და პირადად პრეზიდენტ ტრამპით მანიპულირებას განაგრძობს და ვფიქრობ, რომ ეს ამერიკელებისთვის ძალიან გამაღიზიანებელი ხდება. ჩვენ ამას შეჩვეულები ვართ, რადგან მოსკოვთან და რუსეთის აგრესიასთან, რუსულ ტაქტიკებთან და სტრატეგიებთან შეხება 2014 წლიდან გვაქვს. 

რეალურად, უკვე ომის მე-12 წელიწადში ვართ. თუმცა ვფიქრობ, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ნელ-ნელა და ეტაპობრივად უკეთ ხვდება, რომ მოსკოვი მისით მანიპულირებს. 

ვფიქრობ, ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ  პუტინის მხრიდან აზრიანი საუბრებისთვის მზაობისა და იმის, რომ მზადაა შეხვედრისთვის, როგორც ორმხრივი, ისევე სამმხრივი შეხვედრებისთვის, რომლებიც ვაშინგტონში ორშაბათს განვიხილეთ”. - თქვა კისლიცამ. 

კისლიცამ ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვანი და რთული საკითხია, ამიტომ პროექტის დასამზადებლად, სულ მცირე, ერთი კვირა არის საჭირო. მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიების პაკეტის პროექტი, სავარაუდოდ, შემდეგი კვირისთვის იქნება მზად. 

“ორშაბათის ღამიდან მოყოლებული, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სამსახური და უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი ფაქტობრივად ყოველდღე ძალიან ბევრს შრომობენ, რათა შეთანხმების ეს მონახაზი დაასრულონ. იდეალურ შემთხვევაში პირველი მონახაზი დაახლოებით შემდეგი კვირის პირველ მონაკვეთში შეიძლება გვქონდეს და შემდეგ უნდა გადავწყვიტოთ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, ამ მონახაზებით პოლიტიკის მხრივ როგორ უნდა ვიმუშაოთ”. - თქვა კისლიცამ.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ტრამპმა მარკ ლევინის შოუში ინტერვიუს დროს თქვა, რომ პუტინი და ზელენსკი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების "პროცესში არიან". მანვე აღნიშნა, რომ "უკეთესი იქნება", თუ მის გარეშე შეხვდებიან და სურს, ნახოს, თუ რა მოხდება. 

მანამდე, თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტელეფონით საუბრისას პირობა დადო, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. 

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება არც ორმხრივ და არც სამმხრივ ფორმატს, თუმცა, დაამატა, რომ მსგავსი შეხვედრა "რაც შეიძლება ფრთხილად" უნდა დაიგეგმოს. 

მოგვიანებით, 21 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრის სავარაუდო ადგილებად შვეიცარია, ავსტრია და თურქეთი დაასახელა.

ხოლო  22 აგვისტოს ლავროვმა თქვა, რომ "პუტინი მზადაა შეხვდეს ზელენსკის, როდესაც სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება", ხოლო შეხვედრა ამჟამად არ იგეგმება. მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პოტენციური შეხვედრისთვის დღის წესრიგი ამ ეტაპზე არ არსებობს,

კომენტარები