დაჭრა სამტრედიაში

პირმა, რომელმაც სამტრედიაში კაცი დაჭრა, ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა - POG

პროკურატურის ცნობით, ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც, 19  აგვისტოს, სამტრედიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ადამიანს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა. 

უწყების ინფორმაციით, იმავე პირმა ყოფილ მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ბრალდებული 20 აგვისტოს დააკავეს.

21 აგვისტოს, პროკურატურამ პირს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სამტრედიაში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა. 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 აგვისტოს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია საბრძოლო ვაზნები." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, "პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა."

კომენტარები