ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ჩვენ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ მონაწილეობა PACE-ში – კობახიძე

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოს დელეგაციამ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შეიჩერა მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში და ახლა PACE-ის განცხადება მოწმობს, რომ "აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი ბიუროკრატები"

"ჩვენ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში, ასეთ პირობებში თავადაც ხედავთ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია - ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. სრულ აბსურდშია, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი ბიუროკრატები". - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, 29 იანვარს ივანიშვილის წარმომადგენლის, თეა წულუკიანის მიერ ევროსაბჭოს ასამბლეის პლენარული სხდომაზე გაკეთებული განცხადებით "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში". ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს, 29 იანვარს, რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქართული ოცნებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამავე დოკუმენტში საუბარია ოცნების დელეგატებზე შეზღუდვების დაწესებაზე.

31 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპოლოსი ქათული დელეგაციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ PACE-ში მონაწილეობა "არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა".

"საპარლამენტო ასამბლეა ცალმხრივი შეთანხმება არ არის, არამედ კანონით დადგენილი ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა. [...] რადგანაც მათი უფლებამოსილება აღიარეს, უნდა იყვნენ ასამბლეაში. ეს მათი ვალდებულებაა". - თქვა რუსოპოლოსმა.


ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების არმინიჭების საკითხი დღის წესრიგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ზამთრის სესიის გახსნით სხდომაზე დადგა.

სარჩელის ავტორის, ევროპის სახალხო პარტიის წევრის, ბორიანა აბერგის თქმით, "საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია და საქართველოში დემოკრატიული წესრიგის ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს".

დეპუტატის წინადადებას მხარი დაუჭირა ასამბლეის სულ მცირე ოცდაათმა წევრმა, რომლებიც, როგორც რეგლამენტი მოითხოვს, 5 სხვადასხვა ეროვნულ დელეგაციას წარმოადგენენ. 

"საკითხი დებატების გარეშე გადაეცა ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს, რომელიც მას 29 იანვარს განიხილავს". - წერია ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარალელურად, სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ: კოალიციამ ცვლილებებისთვის, ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ და ძლიერმა საქართველომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა, არ დაედასტურებინათ ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. ასამბლეას ასევე მიმართა პარტიამ გახარია საქართველოსთვის.

"საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები