რუსული რეჟიმი

რეჟიმმა დავით ხომერიკს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

დავით ხომერიკი

რეჟიმმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ დავით ხომერიკს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.

დავით ხომერიკს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 229-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს დანაშაულის მომზადებას და ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა-განთავსებას. პროკურატურის მტკიცებით, ხომერიკი აფეთქებას ამზადებდა.

15 აგვისტოს სხდომაზე ბრალდებულმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს.

"სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, სადაც სამართალი ძნელად საპოვნელია. ამ ბრძოლაში ერთად ვართ, რომ ვიცხოვროთ სამართლიან და მშვიდობიან ქვეყანაში, რასაც ხალხი იმსახურებს.

ვერ გავიგე, რატომ უნდა ისჯებოდნენ ადამიანები, რომ პროტესტი გამოხატეს უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ.

ხელისუფლებას ჩვენი ეშინია, რადგან იციან, რომ სიმართლე ხალხის მხარესაა. მე ბრალს არ ვაღიარებ. პროკურატურას არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია. არ არსებობს ვიდეომასალა, მომჩივანი და დაზარალებული. ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება არაფერს ნიშნავს.

მინდა, მოგმართოთ ოჯახს, მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებს. თქვენ ჩემი იმედის სხივები ხართ" - თქვა ხომერიკმა.

კომენტარები