ერთიანი ნეიტრალური საქართველო

რეჟიმის სატელიტები ოცნებას მოუწოდებენ, EU-ში გაწევრიანებაზე პლებისციტი დანიშნონ

ერთიანი ნეიტრალური საქართველო

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სატელიტი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პლებისციტი ჩაატაროს. 

"დღეს, ევრობიუროკრატია საქართველოს ხელისუფლებას ძალიან კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს - იმისთვის, რომ ბრიუსელთან გაწყვეტილი კომუნიკაცია აღდგეს, უნდა გაუქმდეს ორი უმნიშვნელოვანესი კანონი, ესენია - ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონები. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა.

ჩვენ ვსვამთ მარტივ კითხვას - აქვს კი ქართულ საზოგადოებას იმის სურვილი, რომ გახდეს იმ გაერთიანების წევრი, რომელშიც მთავარი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობა, სუვერენიტეტის დათმობა და საქართველოს იდენტობის წაშლაა? ცხადია, ჩვენ საზოგადოებას არანაირი სურვილი არ აქვს ამ ქაოსის, გარყვნილების, პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ნაწილი გახდეს.

თუ ჩვენი ხელისუფლება ამ დრომდე თვლის, რომ საზოგადოება "ევროპერსპექტივის" თავსმოხვეულ ილუზიაში ცხოვრობს, ვთავაზობთ ინიციატივას - მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი, რომელშიც ქართველი ხალხის წინაშე დავსვამთ მარტივ კითხვას - ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?! ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შედეგები ნათლად აჩვენებს ხელისუფლებას, რა არის ხალხის რეალური დაკვეთა.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მთლიანად ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს, ნუ ექაჩება ქვეყანას იქ, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ლგბტ პროპაგანდა, გეი აღლუმები და პედოფილია არის ნორმა. ასევე, მარტივად პროგნოზირებადია ის მძიმე შედეგები, რასაც გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ევროკავშირში გაწევრიანება მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ამის შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა. მიგვაჩნია, რომ ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პლებისციტის ჩატარება". - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" Facebook-ზე.

ივანიშვილის სატელიტები წერენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა "ბლეფია".

"დღევანდელ ევრობიუროკრატიას, მათ უკან მდგომი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველების დავალებით, მძაფრი სურვილი აქვს, რომ საქართველო ჯერ ბოლომდე დაამსგავსონ იმ გაუკუღმართებულ მოდელს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დანერგეს - შემდეგ მიგვიღებენ თუ არა წევრად, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მოდელს რაც შეეხება - აუცილებელია ,სამ "კრიტერიუმს" აკმაყოფილებდე - ქვეყანაში უნდა იყოს თავაშვებული ლგბტ პროპაგანდა, ხელისუფლებას მართავდეს აგენტურა და გლობალიზაციის დღის წესრიგის შესაბამისად, ფართოდ უნდა გაუხსნა კარი მიგრანტებს, შენი იდენტობის, კულტურისა და სარწმუნოების დასაკარგად.

ამის ნათელი მაგალითია ევროკავშირის წამყვანი ქვეყანა, გერმანია. ერთ დროს, ეკონომიკით, საკუთარი კულტურითა და ტრადიციებით ძლიერი სახელმწიფო დღეს სწორედ ზემოთ ნახსენები გაუკუღმართებული მოდელით იმართება. სამართლებრივ დონეზე, ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოა შექმნილი გერმანიაში, რომ თუ რაიმე კრიტიკული აზრი გამოხატე ლგბტ თემის, ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ, სამსახურს უპირობოდ დაკარგავ და შენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება ჰომოფობიისა და დისკრიმინაციის მუხლით, საბოლოოდ კი პროცესი აუცილებლად საპატიმრო სასჯელით დასრულდება. კრიტიკას რომ თავი დავანებოთ, თუ უბრალოდ კითხვა დასვი, რამდენად სწორია ლგბტ პროპაგანდა და ერთნაირსქესიანთა ქორწინება, სამსახურის დაკარგვა და სამართლებრივი პრობლემები გარდაუვალია. ამის პარალელურად, თუ გაბედე და მხარდაჭერა გამოხატე ტრადიციული ოჯახის მიმართ, რაც ამჟამინდელ ევროპაში უდიდეს სიმამაცედ მიიჩნევა, ეს ქმედებაც ანალოგიურ შედეგს გამოიწვევს.

ამ ფონზე, განსაკუთრებით მიუღებელი და უკვე სახიფათოც არის ხელისუფლების დაჟინებული რიტორიკა, რომ ისინი უზრუნველყოფენ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადებას. ჩვენ ვსვამთ მარტივ კითხვას - აქვს კი ქართულ საზოგადოებას იმის სურვილი, რომ გახდეს იმ გაერთიანების წევრი, რომელშიც მთავარი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობა, სუვერენიტეტის დათმობა და საქართველოს იდენტობის წაშლაა? ცხადია, ჩვენ საზოგადოებას არანაირი სურვილი არ აქვს ამ ქაოსის, გარყვნილების, პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ნაწილი გახდეს". - წერენ ივანიშვილის სატელიტები.

კომენტარები