ევროკავშირის წევრი ქვეყნები, უნგრეთის გარდა, ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ევროკავშირის ლიდერები ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას მიესალმებიან და ხაზს უსვამენ, რომ "სამართლიანი და გამძლე მშვიდობა, რომელიც სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოიტანს, საერთაშორისო სამართალს უნდა იცავდეს, მათ შორის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებსა და იმას, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს".
EU-ს განცხადებაში, რომელსაც მხოლოდ უნგრეთი არ უერთდება, აღნიშნულია, რომ უკრაინელმა ერმა საკუთარი მომავალი თავისუფლად უნდა გადაწყვიტოს, ხოლო მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება შედგეს.
"უკრაინელი ხალხი საკუთარ მომავალს თავისუფლად უნდა წყვეტდეს. უკრაინაში მშვიდობისკენ გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. აზრიანი მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შეზღუდვის კონტექსტში შეიძლება შედგეს.
რუსეთის აგრესიის ომს უკრაინის წინააღმდეგ ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ფართო შედეგები აქვს. ვიზიარებთ შეხედულებას, რომ დიპლომატიურმა გამოსავალმა უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ინტერესები უნდა დაიცვას". - წერია განცხადებაში.
ევროკავშირის განცხადებაში წერია, რომ EU აშშ-სა და სხვა პარტნიორებთან ერთად უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ზომების მიღებასა და შესრულებას განაგრძობს.
"უკრაინა, რომელსაც თავისი თავის დაცვა ეფექტიანად შეუძლია ნებისმიერი სამომავლო უსაფრთხოების გარანტიების განუყოფელი ნაწილი იქნება. ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები მზად არიან, რომ საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში, გარკვეული წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სრული დაცვით და ყველა წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი შესაძლებლობებისა და კომპეტენციების საფუძველზე უსაფრთხოების გარანტიებში წვლილი შეიტანონ".
განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ევროკავშირი ხაზს უსვამს უკრაინის ხელშეუვალ უფლებას, აირჩიოს საკუთარი ბედისწერა და განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას მის გზაზე EU-ს წევრობისკენ".
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას X-ზე დადებითად გამოეხმაურა.
"ნამდვილად, ყველანი მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე გადაწყვეტილებას და ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიციები, რომლებიც რუსეთს მსოფლიოს მოტყუების საშუალებას კიდევ ერთხელ არ მისცემს". - წერს ზელენსკი.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განცხადება გააკრიტიკა.
"ფაქტი, რომ ევროკავშირი მაყურებლად დარჩა ისედაც სევდიანია. ერთადერთი, რასაც ვითარების გაუარესება შეუძლია, ის იქნება, თუ სათადარიგო მოთამაშეების სკამიდან ინსტრუქციების გაცემას დავიწყებთ. [...] ერთადერთი გონივრული ქმედება ევროკავშირის ლიდერებისთვის EU-რუსეთის სამიტის ინიცირებაა, რომელიც აშშ-რუსეთის შეხვედრის მაგალითზე იქნება დაფუძნებული". - წერს ორბანი.
შეგახსენებთ, რომ ტრამპი და პუტინი 15 აგვისტოს აშშ-ს ალასკის შტატში შეხვედრას გეგმავენ.
ცნობისთვის, გამოცემა Bloomberg გერმანიის კანცლერის სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპს პუტინთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ექნება.
11 აგვისტოს ტრამპმა თქვა, რომ სურს, ალასკის შტატში პუტინთან შეხვედრის შემდეგ შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის შედგეს. მისივე თქმით, მზად არის, შეხვედრაში თავადაც მიიღოს მონაწილეობა, "თუ დასჭირდებათ".
მანამდე, გამოცემა WSJ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინმა აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარუდგინა, რომელიც დონეცკის ოლქიდან უკრაინის ძალების გასვლასა და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ფრონტის გაყინვას ითვალისწინებდა.
მოგვიანებით, გამოცემამ საკუთარ წყაროებზე ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ევროპელმა ლიდერებმა და უკრაინამ პუტინის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების საპასუხოდ აშშ-ს საკუთარი წინადადება წარუდგინეს.
WSJ-ს მიხედვით, ევროპის ქვეყნებმა უარყვეს რუსული მხარის მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დონეცკის ოლქიდან უკრაინული ძალების გასვლის შესახებ. ნაცვლად ამისა, ევროპული წინადადების მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ გაცვლითი შეთანხმებები, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი ტერიტორიიდან უკრაინის გასვლას რუსეთის მხრიდან სხვა ოკუპირებული რეგიონის დატოვება უნდა ახლდეს თან. ამასთან, ევროპული წინადადებით, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმამდე უპირობო ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო
გარდა ამისა, ევროპული გეგმა კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობის შემთხვევაში უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოიცავს, მათ შორის, NATO-ს შესაძლო წევრობას.
WSJ-ის მიხედვით, შეხვედრის დროს ევროპელმა წარმომადგენლებმა ხელახლა გაიმეორეს, რომ უკრაინის მომავალის განხილვა უკრაინის გარეშე დაუშვებელია და ასევე თქვეს, რომ ალასკაში ტრამპსა და პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება ევროპელი ლიდერების მონაწილეობის გარეშე ღირებული არ იქნება.





