რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

EU უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ €1.6 მილიარდს გამოყოფს

Photo:  European Parliament

ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან 1.6 მილიარდი ევროს მოგება მიიღო, რომელსაც უკრაინას გადასცემს. ევროკომისიის ინფორმაციით, თანხის 95% უკრაინის სესხების დაფარვას მოხმარდება, დარჩენილი 5% კი სამხედრო დახმარებისთვის არის განკუთვნილი.

ამის შესახებ ევროკომისია განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ ეს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების მესამე ტრანშია, ხოლო პირველი ტრანში გასული წლის ივლისში, მეორე კი - მიმდინარე წლის აპრილში მიიღეს. 

"პირველი ორი ტრანშის 90% ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) საშუალებით უკრაინის მხარდაჭერას მოხმარდა, ხოლო 10% - უკრაინის ფონდის საშუალებით. რაც შეეხება ამ მესამე ტრანშს, მოგების 95% ამჯერად უკრაინის მხარდაჭერას უკრაინის სესხის თანამშრომლობის მექანიზმის (ULCM) საშუალებით მოხმარდება, 5% კი EPF-ის საშუალებით". - წერია განცხადებაში. 

ევროკომისია აღნიშნავს, რომ ULCM-ის მექანიზმის ფარგლებში უკრაინის სესხის დასაფარად დღემდე აგროვილი თანხა ჯამში 45 მილიარდ ევროს შეადგენს. 

მანამდე, უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ "დიდი შვიდეულის" განსაკუთრებული შემოსავლების დაჩქარების (ERA) ფარგლებში ევროკავშირისგან გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული მოგებიდან გამოყოფილი დამატებით 1 მილიარდი ევრო ($1.2 მილიარდი) მიიღო.

ივნისში უკრაინამ რუსული გაყინული აქტივებისგან მიღებული მოგებიდან ასევე 1 მილიარდი ევრო მიიღო

ცნობისთვის, 2024 წლის ივნისში, იტალიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის (G7) რიგით 50-ე სამიტზე, ფორუმის წევრი ქვეყნები რუსეთის გაყინული აქტივებიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის სახით გადაცემაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი უკრაინის სესხის დასაფარად 18.1 მილიარდ ევროს გადაიხდის. 

დიდი შვიდეულის წევრები არიან კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და აშშ. შეხვედრებს ტრადიციულად ევროკავშირის ლიდერებიც ესწრებიან.

კომენტარები