გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის ერთგულმა პირმა, დმიტრი კოზაკმა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა უკავია, გავლენა მნიშვნელოვნად დაკარგა მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის იდეას შეეწინააღმდეგა, რითაც პუტინის იმედგაცრუება გამოიწვია.
როდესაც პუტინი 1999 წელს პრემიერმინისტრი გახდა, მან კოზაკი აპარატის უფროსად დანიშნა. შემდგომში კოზაკი ასევე ხელმძღვანელობდა რუსეთში დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადის პროცესს, ხოლო 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების შემდეგ, კოზაკი ყირიმის რუსეთთან "ინტეგრაციას" ზედამხედველობდა.
2021 წელს კი, როდესაც პუტინმა უკრაინაში შესაჭრელად ჯარის მობილიზება დაიწყო, კოზაკი ამერიკელ დიპლომატებს უკრაინის მთავრობის ბოროტებაზე ელაპარაკებოდა, თუმცა NYT-ის წყაროების მიხედვით, მას შემდეგ კოზაკის ძალაუფლება სხვა დამხმარეზე, სერგეი კირიენკოზე გადავიდა. წყაროების თქმით, პუტინი კოზაკით იმედგაცრუებული მას შემდეგ დარჩა, რადგან მან მკაფიოდ გამოხატა, რომ მისი აზრით, უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო.
New York TImes-ს კრემლიდან წყაროებმა განუცხადეს, რომ როდესაც პუტინმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანება გასცა, კოზაკმა პირად საუბრებში თქვა, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტს საპირისპიროს ურჩევდა.
წყაროების ცნობით, ბოლო პერიოდში კოზაკმა მიმდინარე წლებს მასთან დაახლოებულ პირებს უთხრა, რომ მან პუტინს ბრძოლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით მიმართა. მათი თქმით, კოზაკმა ასევე მიანიშნა, რომ მან პუტინს ქვეყნის შიგნით რეფორმების გატარებაც ურჩია, მათ შორის რუსეთის უშიშროების სააგენტოების მთავრობის კონტროლქვეშ დაქვემდებარებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის კუთხით.
გამოცემის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში კოზაკს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი შეხვდა და მას "კიევში ბოროტი და ვერაგი რეჟიმის" შესახებ ელაპარაკა, თუმცა ქვეყნის შიგნით კოზაკი კრემლს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებდა.
კრემლიდან ორი წყაროსა და მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე კოზაკი უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ომის წინააღმდეგ გამოვიდა. ხოლო შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, Reuters-ისა და ორი წყაროს ცნობით, პუტინმა უარი თქვა კოზაკის მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე.
New York Times წერს, რომ ამ პოზიციის გამო, როგორც ჩანს, პუტინთან კოზაკის გავლენა მნიშვნელოვნად ჩამოიშალა. იგი მეტწილად აღარ ჩანს საჯაროდ, ხოლო აპარატის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო ომს მიემხრო და მას შემდეგ რამდენჯერმე ესტუმრა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს.





